Kiss The Future

ყოფილ იუგოსლავიაში 1990-იანი წლებში სარაევოს ალყის დროს მუსიკის მოსმენა, ან დაკვრა, ან საერთოდ სახლიდან გასვლა სიკვდილის ტოლფასი იყო. მიუხედავად ასეთი ვითარებისა სარაევოში ხელოვნება და მუსიკალური სცენა ბევრისთვის თავშესაფარი იყო, იმ ურთულეს დროში უმეტესობა სწორედ მუსიკაში პოულობდა შვებასა და იმედს.

1996 წელს სარაევოს ალყა დასრულდა, ომის დასრულების აღსანიშნავად 1997 წელს ცნობილმა როკ-ბენდმა U2-მ სარაევოელებისთვის კონცერტი გამართა.

თავად რეჟისორი ყოფილ იუგოსლავიაში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე წლებია აშშ-ში ცხოვრობს და იქ მოღვაწეობს, სამშობლოსთან ყოველთვის ძლიერ კავშირს გრძნობს.

„2017 წელს U2-ს კონცერტის იუბილე იყო, რამაც გამახსენა მათი როლი ყოფილ იუგოსლავიაში. ეს იყო ადამიანების გაერთიანების გზა. იმ ადამიანების, რომლებიც ერთმანეთს ებრძოდნენ. ეს იყო გზა, რომ წარმოჩენილიყო ჩემი ქვეყნის პრობლემები და იქ მომხდარი მძიმე ისტორიები. ამ ფილმის მიზანი იყო ჩემი ქვეყნის ისტორიის წარმოჩენა, იმ ადამიანებზე მოყოლა, რომლებმაც მუსიკა და ზოგადად ხელოვნება გამოიყენეს სიბნელეში გზის გასაკვლევად. ჩვენ გვინდოდა ექსპერიმენტული ნამუშევრის შექმნა. დავიწყეთ არქივში ძიება და იქ არაჩვეულებრივი კადრები ვიპოვეთ. სწორედ არქივში წავაწყდით იტალიელი მამაკაცისა და სკანდინავიელი ქალის ისტორიას, რომლებიც ორი წლის განმავლობაში ალყაში ცხოვრობდნენ. აქედან კი ჩვენ შევძელით ალყაში ცხოვრების ისტორია გაგვეგო, როგორი იყო გარემო, რას გრძნობდნენ და როგორი გამოცდილება იყო ხალხისთვის”, – ამბობს რეჟისორი ნენად ჩიჩინ-შაინი.

რეჟისორი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მისთვის ძალიან პირადული ამბავია, რომლის მოყოლაც დიდი ხანია სურდა. მისი თქმით, სწორედ ბენდ U2-ს მიერ გამართულმა კონცერტებმა გააჩინა ფილმის გადაღების იდეა.

ფილმში მონაწილეობენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ჟურნალისტი კრისტიან ამანპური და ბენდ U2-ის წევრები. მეთ დეიმონის თქმით, U2 მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდებოდა ფილმში მონაწილეობას, თუ მთავარი აქცენტი არა მათზე, არამედ სარაევოელ ხალხზე იქნებოდა.

„ჩვენ ვიცოდით, რომ ფილმის შემადგენელი კომპონენტი აუცილებლად ინტერვიუები იქნებოდა. საჭირო იყო გასაუბრება და გაცნობა იმ ადამიანებისა, რომლებმაც ალყაში იცხოვრეს. გამძლეობა, მუსიკა და ხელოვნება არის მხატვრული თვითგამოხატვის ნაწილი და წინააღმდეგობა იმ საშინელების წინაშე, რაც სარაევოში 1990-იან წლებში ხდებოდა. ფილმი სწორედ ამ წინააღმდეგობის გამოხატვაა”, ამბობს მსახიობი და პროდიუსერი მეთ დეიმონი.

ფილმის ბოლოს ნაჩვენებია U2-ს კონცერტის რეალური კადრები, სადაც ჯგუფი 45 000-ზე მეტი გულშემატკივრის წინაშე თავიანთ ლეგენდარულ ნაწარმოებებს ასრულებს. კადრებში ასევე ჩანს, თუ როგორ ტიროდა და მღეროდა ბედნიერებისგან მათი მსმენელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend