მთავარისაქართველო„ბასილიადის“ ხანდაზმულები

„ბასილიადის“ ხანდაზმულები

„ბასილიადა“ ხანდაზმულთა პანსიონატია… აქ დღესასწაულები უყვართ. აღდგომა მათ შორის განსაკუთრებულია. ნაზიბროლა და დოდო პანსიონატის მზარეულს, ვიქტორიას, კვერცხების წითლად შეღებვაში ეხმარებიან. კვერცხებს ენდროსა და წითელი ხახვის ფურცლების ნახარშში ღებავენ. ეს მათი ყოველწლიური ტრადიციაა. მალე ერთად სააღდგომო სუფრასაც მიუსხდებიან…

„ტრადიციულად ასე ვემზადებით სააღდგომო დღესასწაულისთვის. ვაპირებთ წიწილების შეწვას, ჩაქაფულის გაკეთებას. კვერცხების შეღებვაში ჩვენი ბებოებიც მეხმარებიან. მერე ეზოში კარგ სუფრასაც ვშლით და როგორც ერთი დიდი ოჯახი, მაგიდასთან ვსხდებით“, – ამბობს ვიქტორია მირზოიანი.

აქ ყველა ხანდაზმული საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაა. ნაზიბროლა მაგალითად, გურიიდან არის. აღდგომას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მაინც განსხვავებულად აღნიშნავენ. დღეს ყველა თავისას ჰყვება, დღეს ყველა თავის განსაკუთრებულ სურვილებს ამჟღავნებს.

„ჩვენ, გურულები წითლად შევღებავთ ხოლმე კვერცხს. კვერცხს პარასკევსაც და შაბათსაც ვხარშავთ. შემდეგ კი, როდესაც განაწილდება კარგად, ბავშვები დავესევით და ერთმანეთს ვეჯიბრებით“, – ამბობს ნაზიბროლა გიორგაძე.

„ბასილიადის“ ხანდაზმულები ამბობენ, რომ პანსიონატში მათთვის კომფორტული პირობებია შექმნილი, თუმცა მათ ცხოვრებას ლიფტი გაამარტივებდა, რადგან მათ ნაწილს კიბეებზე ასვლა უჭირს.

ხანდაზმულთა სახლში, სააღდგომოდ სტუმრებსაც ელოდებიან. მათ კი, ხშირად საჩუქრები მოაქვთ. რა კარგი საბაბია აღდგომა! უხარიათ, რომ მოვლენ სტუმრები და დაპირებულ საჩუქრებსაც მოუტანენ.

„კვერცხებს პარასკევს ვღებავთ და კვირისთვის ვემზადებით. ვამზადებთ სხვადასხვა კერძს. სუფრაზე გვაქვს პასკები, წითელი კვერცხები, ჩაქაფული და სხვა. სუფრას ყველანი მივუსხდებით და თითო ჭიქით დავილოცებით“, – თქვა იზოლდა კეკელაშვილმა.

რუსო ბერიძე „ბასილიადას“ ხელმძღვანელია. ისიც ბენეფიციარებთან ერთად ცხოვრობს. თურმე აღდგომას პირველი რუსო ულოცავს ხანდაზმულებს. ტრადიციულად ყველაზე გამძლე კვერცხის მქონე ჩემპიონსაც გამოავლენენ ხოლმე.

„ტრადიცია, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, არის ის, რომ მე წითელქუდასავით მიჭირავს დიდი კალათა, რომელშიც წითელ კვერცხებს ვაწყობ. შევდივარ ოთახებში და შემოვძახებ ხოლმე „ქრისტე აღდგა“-მეთქი. ვეხუტებით ერთმანეთს, ვულოცავთ აღდგომას და ვიწყებთ გადამოწმებას ვისი კვერცხი უფრო ძლიერია… შუადღისას უკვე ვიწყებთ ნამდვილ ქეიფს”, – ამბობს რუსო ბერიძე, პანსიონატის ხელმძღვანელი.

„ბასილიადას“ ხანდაზმულები ეზოში მალე გაშლიან დიდ სუფრას, რომელსაც ერთად მიუსხდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend