მთავარისაქართველო„აღდგომის დღეს ვმუშაობ...“

„აღდგომის დღეს ვმუშაობ…“

ნინუცა ვეკუა 21 წლის ლაბორანტია და წელს აღდგომას სამსახურში ხვდება. ჩვეულებრივ ასეთ დღესასწაულებს ოჯახთან ერთად აღნიშნავს ხოლმე, თუმცა წელს ჰოსპიტალში მორიგე იქნება და სამსახურებრივ მოვალეობას შეასრულებს.

„სანამ სტუდენტი გავხდებოდი და თბილისში მომიწევდა ჩამოსვლა, აღდგომის დღესასწაულს ოჯახთან ერთად აღვნიშნავდი. ხშირად ტაძარში მივდიოდით და ქართული ოჯახების უმრავლესობის მსგავსად დღესასწაულზე ერთად ვიყავით. ამ ეტაპზე, რადგან სტუდენტი ვარ და თან ვმუშაობ, აღდგომას სამსახურში ვხვდები. როგორც წინა წლებში, აღდგომის დღესასწაულზე წელსაც სოფელში წასვლას ვგეგმავდი. ამას ძალიან ველოდებოდი, თუმცა ისე გამოვიდა, რომ აღდგომის დღეს მორიგეობა მიწევს. კლინიკაში უნდა ვიყო და ჩემი სამსახურებრივი მოვალეობა შევასრულო. ეს კარგია, რადგან კარგ საქმეს ვაკეთებ. ეს საქმე აუცილებელი და გადაუდებელია”, – ამბობს ნინუცა.

დღესასწაულებს, სამწუხაროდ, უსიამოვნო ამბებიც ახლავს ხოლმე. ზოგს შესაძლოა სასმელმა აწყინოს, ან საკვების მიმართ გამოუვლინდეს მოულოდნელი ალერგიული რეაქცია. იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობაც.

„ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია საავადმყოფოებისა და მათი თანამშრომლების სრული ჩართულობა და მობილიზაცია. ამიტომ, მე, როგორც ღამის მორიგე ლაბორანტს, მევალება ანალიზების კეთება, რაც აუცილებელია იმისთვის რომ, დროულად დაისვას დიაგნოზი და მკურნალობა დაიწყოს”.

თეკლა ფონაძე 20 წლის ექთანია. წელს აღდგომას ისიც სამსახურში შეხვდება:ბავშვობიდან აღდგომის დღესასწაულს ჩემს ქალაქში, ქუთაისში აღვნიშნავდი – წითელი კვერცხით, პასკით, ქართული სუფრით. შემდეგ სასაფლაოზე მივდიოდით. მიუხედავად იმისა, რომ წელს განსხვავებული სიტუაცია იქნება, მუშაობა მომიწევს და ჩემს ოჯახთან ვეღარ შევხვდები აღდგომის დღესასწაულს, გული არ მწყდება. პირიქით, მიხარია, რომ ამ დღეს, როცა შედარებით მეტი პაციენტი შემოდის და როცა ხალხს განსაკუთრებით ვჭირდებით, მათი დახმარება შემიძლია”.

თეკლა და ნინუცა, თავიანთი თანატოლებისაგან განსხვავებით აღდგომას სამსახურში ხვდებიან. მათთვის ოჯახური დღესასწაული განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო დღედ იქცა.

როგორ ხვდებიან და აღნიშნავენ აღდგომის დღესასწაულს მათი თანატოლები? როგორია ქართველი ტინეიჯერებისა და ზეტ თაობის სააღდგომო დღეები? ამ კითხვაზე თბილისის ქუჩებში ამგვარად გვიპასუხეს:

ბოლო ხუთი წელია თბილისში მიწევს ცხოვრება, მაგრამ სააღდგომოდ ყოველთვის თერჯოლაში ჩავდივარ ხოლმე. ჩემთვის აღდგომა ყველაზე საყვარელი დღესასწაულია“.

„აღდგომის დღეს ვმუშაობ, ამიტომ განსაკუთრებულად არ აღვნიშნავ”.

„თბილისში ვრჩები. მეგობრებთან ერთად აქციაზე გამოვალ”.

„აღდგომას ძირითადად ეკლესიაში ლიტანიობაზე ვხვდებით. ეს დღესასწაული ჩემთვის განსაკუთრებულია. აღდგომის დღეებს ოჯახის წევრებთან ერთად ვატარებ”.

„ბებიაჩემთან ჩასვლას ვახერხებ. ოჯახთან, ბიძაშვილებთან, მამიდაშვილებთან ერთად ვატარებ დროს”.

„ჩვეულებრივ აღდგომას სოფელში მივდივარ ხოლმე, მაგრამ წელს აბიტურიენტი ვარ და ამის შესაძლებლობა არ მაქვს. მასწავლებლებთან დავდივარ”.

„ტრადიციულად სასაფლაოზე ავდივარ ოჯახის წევრებთან ერთად”.

“ბათუმში ვცხოვრობ. თბილისში სასწავლებლად გადმოვედი. წელს აქ დარჩენა მიწევს. შაბათს ვმუშაობ”.

“აღდგომის დღესასწაულზე მშობლებთან ერთად სოფელში, ჩემს კუთხეში მივდივარ.”

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend