საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აზიასა და ევროპას შორის კიდევ ერთხელ გახდა განხილვის საგანი თბილისში აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში სახელწოდებით „ხიდი მომავლისაკენ“, რომელიც რომელიც 2-იდან 5 მაისის ჩათვლით გაიმართა.
საქართველომ პირველად უმასპინძლა აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს წლიურ შეხვედრას, რომელზეც ტრადიციულად თავს იყრიან ამ ბანკის 68 წევრი ქვეყნის ფინანსთა მინისტრები, ცენტრალური ბანკების მმართველები, მთავრობების მაღალი რანგის წევრები, კერძო სექტორის, აკადემიური წრეების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
პანელზე სახელწოდებით „კავშირების გაფართოება: ევროპის კავშირები და შუა დერეფანი“ განიხილეს უკვე მოქმედი თუ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც აფართოებენ კავშირს შუა აზიასა და ევროპას შორის ენერგეტიკული, ციფრული, ფინანსური თუ სავაჭრო მიმართულებით.
მხოლოდ ბოლო 10 წელიწადში მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის პანდემიამ და სამხედრო კონფლიქტებმა, კიდევ ერთხელ აჩვენა კაცობრიობას, რომ თუ არ გინდა ჩიხში აღმოჩნდე, სანდო ალტერნატიული გზები უნდა მოძებნო და განამტკიცო. ე.წ. შუა დერეფანი, რომელიც შუა აზიის ქვეყნებსა და ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით, როგორც დრომ აჩვენა, სწორედ ასეთი სანდო ალტერნატივა აღმოჩნდა.
პანდემიისა და რუსეთის სანქციების გამო გართულებულმა ეკონომიკურმა კავშირებმა, რომლებმაც საერთაშორისო ვაჭრობა და მიწოდების ჯაჭვები საგრძნობლად მოარღვია, ახალი პერსპექტივა გაუხსნა სამხრეთ კავკასიაზე გამავალ შუა დერეფანს, რომელიც აზიასა და ევროპას შორის რუსეთზე გამავალი უფრო იაფი, მაგრამ უფრო სარისკო და ბევრად გრძელი მარშრუტის ღირსეული კონკურენტი გამოდგა: სანდო, უსაფრთხო და სწრაფი.
2022 წლის მონაცემებით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, შუა დერეფანში ტვირთების გადაზიდვა გაორმაგდა 1.5 მილიონ ტონაზე ავიდა, ხოლო მის ალტერნატიულ ჩრდილოეთის მარშრუტზე, რომელიც აზიას ევროპასთან რუსეთის გავლით აკავშირებს, გადაზიდვები 34 პროცენტით შემცირდა. თუმცა შუა დერეფნის პოტენციალის სრულად ასათვისებლად კიდევ ბევრია გასაკეთებელი როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების, მათ შორის პორტისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სიმძლავრის გასაზრდელად, ისე საბაჟო ტარიფებისა და სხვა ტექნიკური მექანიზმების ჰარმონიზაციისთვის. თუმცა როგორც აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრი და აზიის განვითარების ბანკის აზერბაიჯანის ოფისის ხელმძღვანელი განმარტავს, ამ საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს და საქმე წინ მიდის.
რაც შეეხება ფასს, აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრი ფიქრობს, რომ არსებობს მისი შემცირების გზები, თანაც გადაზიდვის სისწრაფე და უსაფრთხოება ფასის ფაქტორს შუა დერეფნის სასარგებლოდ წონის.
შუა დერეფანში უკვე მოქმედ ენერგეტიკულ პროექტებს, რომელთა მეშვეობითაც კასპიის ზღვის ნავთობი და ბუნებრივი აირი მიეწოდება ევროპას, სავარაუდოდ, მალე დაემატება ელექტროენერგიის შავი ზღვის ფსკერზე გამავალი მაღალი ძაბვის კაბელიც (1000 მეგავატი სიმძლავრის). პროექტის მიხედვით, აზერბაიჯანული მწვანე ენერგია გაივლის საქართველოს, შავ ზღვას, რუმინეთს და გაიყიდება უნგრეთში. ამ პროექტის ეკონომიკურ-ტექნიკური მიზანშეწონილობის კვლევას მსოფლიო ბანკი ახორციელებს, რომელიც წელს ივლისში უნდა დასრულდეს.
დასაქმებისა და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით საქართველოში ფინანსური ტექნოლოგიების ე.წ. ფინტექის ჰაბის ჩამოყალიბების კარგ პერსპექტივას ხედავენ ამ სექტორის ექსპერტები.
ფინტექ კომპანია Raisin-ის ხელმძღვანელის თამაზ გიორგაძის აზრით, ფინანსური ტექნოლოგიების სექტორი მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, რადგან პოტენციურად მაღალკვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი დასაქმების კარგი წყაროა, რომელსაც დოვლათიც შემოაქვს, ცოდნაც და უფრო უკეთესი და იაფი ფინანსური მომსახურება.