აშშ-ის საელჩო ავრცელებს ელჩ დანიგანის განცხადებას, სადაც დიპლომატი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა ევროატლანტიკურ მომავალს დააშორა. რობინ დანიგანი საუბრობს ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე და წერს, რომ სადავო კანონპროექტი შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არჩია თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე.
„მე ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს, მიზანს, რომლის მიღწევაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს. სამწუხაროდ, მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიიღოს კანონი, რომლის შესახებაც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან. ამასთანავე, მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არჩია თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე – შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდექით და ვდგავართ მოლაპარაკებებზე იმ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული. ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ ქართული ენის, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას“, – წერს დიპლომატი.
რობინ დანიგანის განცხადების მიხედვით, საქართველოს მთავრობის წევრებმა შეერთებული შტატების საელჩოსთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ განხილვაზე უარი თქვეს.
„ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია. შეერთებული შტატები ჩვენი მტკიცე ურთიერთობის ერთგული რჩება და ქართველი ხალხისთვის მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სურს“, – ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებაში.
რობინ დანიგანის ოფიციალურ განცხადებამდე აშშ-ის საელჩომ რამდენიმე საათით ადრე კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშ არის. ამავე განცხადებაში წერია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი კრემლის მიერ არის შთაგონებული.
„შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის” კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელიც მის დასაცავად მიმართეს. მმართველი პარტიის წევრები ცხადად ამბობენ, რომ კანონის მიზანია, ჩაახშოს კრიტიკული ხმები და გაანადგუროს საქართველოს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის კონტროლის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
ეს კანონი და „ქართული ოცნების” ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს. საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს წევრობის საფუძველშია და ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. განცხადებები, რომლებიც არასწორად წარმოაჩენს საქართველოში უცხოურ მხარდაჭერას, რასაც ოცდათორმეტი წელია საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების უნარის გაძლიერებისთვის უზრუნველვყოფთ, არსებითად უთხრის ძირს იმ მტკიცე ურთიერთობას, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან ჩამოგვიყალიბდა“, – ნათქვამია დიპლომატიური უწყების წერილში.