ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანმა დღეს, 2 მაისს, “უცხოური გავლენის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მეორე მოსმენით მიიღო, არსებული სახით მიუღებელია და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სერიოზულ დაბრკოლებებს შექმნის. ის ასევე ამბობს, რომ ამ დროისთვის შეზღუდულია პროგრესი ცხრა დათქმაზე. ხერტ იან კოოპმანი იმედოვნებს, რომ საქართველოში შექმნილი რთული ვითარების მოგვარება შესაძლებელია და აცხადებს, რომ საბოლოოდ საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას ნაბიჯი წინ. კოოპმანის თქმით, ეს კანონი არ არის თავსებადი ევროპულ ღირებულებებთან და საზოგადოებაში სტრესის ძალიან მკაფიო ნიშანია თბილისის ქუჩებში ამდენი ხალხის გამოსვლა. ის ასევე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ მიუხედავად ყველაფრისა საქართველოს ხელისუფლება ამ კანონპროექტს მაინც მიიღებს, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა პრობლემური გახდება.
„ჩვენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან საუბარში ორი დღე გავატარეთ. ასევე გავესაუბრეთ ოპოზიციური პარტიის წევრებსაც. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია. თბილისის ქუჩებში ძალადობას აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვგმობთ ძალადობას. ჩვენმა პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა. კანონმდებლობასთან დაკავშირებით შემაშფოთებელი მოვლენები ხდება. „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც მეორე მოსმენით მიიღეს, არსებული სახით მიუღებელია და შექმნის ძალიან სერიოზულ დაბრკოლებებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამავდროულად ცხრა დათქმაზე პროგრესი ჯერჯერობით შეზღუდულია და ესეც არ არის კარგი. თუმცა ჯერ კიდევ არის დრო. ჩვენ მოვამზადებთ რეკომენდაციებს სექტემბერში, გამოვაქვეყნებთ ანგარიშს ოქტომბერსა და ნოემბერში, მაგრამ ბურთი მთავრობის მოედანზეა. ჩემი კარი ყოველთვის ღიაა. კომისია აქ არის, რათა იმუშაოს კანდიდატ ქვეყნებთან. ვიცი, რომ ქართველ ხალხს სურს, მიუახლოვდეს ევროკავშირს და მჯერა, რომ ქვეყნის მთავრობასაც ასევე სურს ეს. მე ამას ვგრძნობ. ასე რომ, ვიმედოვნებ, ამ საფუძველზე დღევანდელი ძალიან რთული ვითარების მოგვარება შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას ნაბიჯი წინ.
ევროკავშირმა წარადგინა დირექტივა დემოკრატიულ ქვეყანაში გამჭვირვალობის შესახებ ევროკავშირის კანონზე, რომელიც ძალიან განსხვავებული ტიპის კანონია. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიასა და გამჭვირვალობას. კანონი მიზნად არ ისახავს საზოგადოებაში კონკრეტული აქტორებისა იდენტიფიცირებას და ის, რა თქმა უნდა, არ განსაზღვრავს მათ უცხოური წყაროების ინტერესებზე მომუშავეებად, როდესაც ისინი დაფინანსებას იღებენ უცხოური წყაროებიდან. ასე რომ, ეს ყველაფერი ერთად ძალიან განსხვავებულ კანონს ქმნის”, – განაცხადა ხერტ იან კოოპმანმა.