მთავარისაქართველო2 მაისს პარლამენტის სხდომა უსაფრთხოების მიზნით გაუქმდა

2 მაისს პარლამენტის სხდომა უსაფრთხოების მიზნით გაუქმდა

„წითელი დონე“ ასე ეწოდება უსაფრთხოების იმ მდგომარეობას, რომელიც პარლამენტის პროტოკოლმა აამოქმედა და 2 მაისს დაგეგმილი პლენარული სხდომა გაუქმდა. პროტოკოლით ეს ნორმა შენობაში დეპუტატების შესვლასაც კრძალავს. დეპუტატებს ამ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის, მიერ საქმიანობის წლიური შეჯამებისთვის უნდა მოესმინათ. „ქართული ოცნების“ დეპუტატები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციამ მიიღო რადიკალური სახე, პარლამენტის შენობაზე მიტანილი შტურმით. მათი განცხადებით, სწორედ ამიტომ გაუქმდა სხდომა. მმართველი პარტიის დეპუტატები მიმდინარე პროცესებზე ამბობენ, რომ მტრულად განწყობილ ძალებს დესტაბილიზაციის შექმნა სურთ, რაც არ გამოუვათ.

„ამ დღეებმა კარგად გამოაჩინა, თუ რა მიზანი დგას სინამდვილეში ამ აქციების უკან. ნათელია, თუ რა სცენარით მიდის ყველაფერი. დიდწილად ეს საერთოდ არ უკავშირდება „გამჭვირვალობის კანონპროექტს“. რა მოთხოვნებიც ისმის აქციაზე, მათ შორის ძალადობისკენ მოწოდება, ცხადს ხდის აქციის ორგანიზატორების რეალურ სურვილს. ძალიან სამწუხაროა, რომ ვიღაცას აქვს მოლოდინი, რომ საქართველო შეიძლება იყოს ისეთი ქვეყანა, სადაც მსგავსი არეულობები მომხდარა და გამოყენებულა დესტაბილიზაციისა და არასტაბილურობისთვის. საქართველოს ევროინტეგრაციას რაც სჭირდება, ეს არის მშვიდობა და სტაბილურობა, რასაც ჩვენ უზრუნველყოფთ. ეს პროცესები, რომლებიც ახლა საქართველოში მიმდინარეობს, ამას საფრთხეს უქმნის. ევროკავშირსა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა ეფუძნება საქართველოში უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მნიშვნელოვანია ეს ყველას კარგად ესმოდეს, მათ შორის ჩვენს პარტნიორებს“, – აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

პარლამენტთან, სხდომაზე დასასწრებად მისულმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც შენობაში შესვლა მოახერხეს, მედიისთვის ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ამბობენ, რომ მმართველი პარტია მოსახლეობის გულწრფელი პროტესტის გამო შეშინებულია და ამიტომაც გაუქმდა სხდომა. „ქართული ოცნების“ ოპონენტები ამბობენ, რომ მოქმედი ხელისუფლების მმართველობა დასრულებულია, რაც მშვიდობიანი ფორმით საპარლამენტო არჩევნებზე ხალხის მიერ გაფორმდება.

„მერამდენე დღეა ვხედავთ, რუსული კანონის ხმის მიცემის შემდეგ „ქართული ოცნება“ პარლამენტიდან სპეცრაზმის გამოყენებით გადის. დღეს, როცა საგარეო საქმეთა მინისტრისათვის კრიტიკული კითხვები უნდა დაგვესვა, დარწმუნებული ვარ, ის პასუხს ვეღარ გასცემდა იმას, თუ რატომ მიჰყავს „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა რუსული ორბიტისკენ და რატომ ამბობს ის უარს ნატოსა და ევროკავშირზე, ამ მოცემულობაში მათ გადაწყვიტეს, პარლამენტი დაეხურათ და 2-კვირიანი არდადეგები მოეწყოთ, მაგრამ ისინი ნახავენ, რომ ქართველ ხალხს ვერც ძალის გამოყენება, ვერც მათი სამაისო არდადეგები ვერ შეაჩერებს. ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს ხალხის წინაშე იმ კონსტიტუციური გადატრიალებისთვის, რომელსაც ისინი აქ კანონით აწყობენ და აუცილებლად ქართველი ხალხი იმ ძალაუფლებაზე გაიმარჯვებს, რომელმაც საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაიწყო“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.

ორ მაისს, დღის მეორე ნახევარში, საკანონმდებლო ორგანოში ე.წ. „წითელი დონე“ მოიხსნა, თუმცა უცნობია, როდის გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა „მინისტრის საათის“ ფორმატში.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend