ცენტრალურ ღაზაში ისრაელის ავიაიერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო ინფორმაციით, დეირ ალ-ბალაჰში ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ამასთან, ისრაელის მხარე აცხადებს, რომ „ჰამასის“ ტყვეობაში ჯერ კიდევ ასამდე მძევალია.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გუშინ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ისრაელის მთავრობისა და მაღალი რანგის სამხედროების, როგორც ომის დამნაშავეების, დაკავების ორდერის გაცემას განიხილავს, რაც ნეთანიაჰუს ისტორიული მნიშვნელობის კანონდარღვევად მიაჩნია.
მისი თქმით, საერთაშორისო ორგანოები, მაგალითად, როგორიცაა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ებრაელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ჰოლოკოსტის კვალდაკვალ დაარსდა სწორედ იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინათ გენოციდი და მსგავსი საშინელებები.
Prime Minister Benjamin Netanyahu:
"You have to hear this to believe this. The International Criminal Court in The Hague is contemplating issuing arrest warrants against senior Israeli government and military officials as war criminals. pic.twitter.com/AU1z5GeJPm
— Prime Minister of Israel (@IsraeliPM) April 30, 2024
ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციას გეგმავს ღაზის სამხრეთის ქალაქ რაფაჰში, რომელსაც ღაზის მოსახლეობის ნახევარზე მეტი აფარებს თავს.
შეერთებული შტატები და მოკავშირეები კი ცდილობენ კომპლექსური სისტემის შექმნას, რომელიც ღაზაში ასობით ტონა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას უზრუნველყოფს. თითქმის ორი თვის შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა გასცა ბრძანება, ღაზის სანაპიროსთან ახლოს სამხედროები დიდი ზომის მოტივტივე პლატფორმას აგებენ.
ჩრდილოეთ ღაზაში გრძელდება საჰაერო გზით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. პარალელურად იზრდება საერთაშორისო ზეწოლა, რომ „ჰამასმა“ და ისრაელმა დროულად მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.