მთავარისაქართველოსაქართველო ევროპაკონცერტს მასპინძლობს

საქართველო ევროპაკონცერტს მასპინძლობს

ისტორიაში პირველად საქართველო ევროპაკონცერტს მასპინძლობს. მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები უკვე წინანდალში არიან.

სწორედ, წინანდლის მამულში გამართავს პირველ კონცერტს ბერლინის

ფილარმონიული ორკესტრი პირველ მაისს, 2 მაისს კი ევროპაკონცერტს უკვე თბილისი უმასპინძლებს.

ევროპაკონცერტს ორი სიმბოლური დატვირთვა აქვს, ერთი მხრივ, ღონისძიება აღნიშნავს ორკესტრის დაბადების თარიღს, 1882  წლის 1 მაისს, მეორე მხრივ კი,  ევროპაკონცერტი ერთიანი ევროპის იდეას ატარებს, რადგან პირველი ევროპაკონცერტი ბერლინში სწორედ გერმანიის გაერთიანების შემდეგ, 1991 წელს ჩატარდა და მას შემდეგ, ტრადიციაც აღარ დარღვეულა.

წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი დავით საყვარელიძე ევრონიუსთან განმარტავს, რომ წელს პირველად, ორკესტრმა საქართველოს კულტურის მინისტრის თხოვნით დაუშვა პრეცედენტი, რომ გენერალურ რეპეტიციას მუსიკოსები და ადგილობრივები დასწრებოდნენ.

„წინანდლისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან იმ დიდ ქალაქებს შორის დგას, სადაც ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი ატარებს ევროპაკონცერტს“,- ამბობს დავით საყვარელიძე.

ევროპაკონცერტზე ევრონიუს ჯორჯია ესაუბრა ავი შოშანს, წინანდლის ფესტივალის თანადამფუძნებელს. ის ამბობს, რომ ამ კონცერტის გამართვა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ესაა მკაფიო განაცხადი, რომ საქართველო ევროპაა.

„საქართველო ევროპული სახელმწიფოა როგორც ქართული, ისე ევროპული თვალსაზრისით. ჩვენ იღბლიანები ვართ, რომ ეს კონცერტი წინანდლის ფესტივალის ფარგლებში ტარდება. წინანდლის ფესტივალი ამ სათქმელს მუსიკის ენაზე ამბობს. ამბობს, რომ ადამიანები მეგობრები არიან, რომ მათ თანაარსებობა და ერთად კარგი რაღაცების კეთება შეუძლიათ. წინანდალში ყოველი წლის სექტემბერში სწორედ ამას ვაკეთებთ – მუსიკით ადამიანებს ვაერთიანებთ. ევროპაკონცერტს თავისი გზავნილი აქვს. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ორკესტრია ფანტასტიკური მუსიკოსებითა და დირიჟორებით. ის აჩვენებს, რომ ადამიანები ყოველთვის სილამაზისა და ურთიერთგაგებისკენ მიილტვიან”, – ამბობს ავი შოშანი.

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერიც ევროპაკონცერტის იდეაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ საქართველოში დაგეგმილი ეს ღონისძიება ევროპული იდეის ზეიმია საქართველოში.

“ევროპა ერთიანია მრავალფეროვნებაში, ჩვენ ვართ კავშირი, კავშირი მშვიდობისთვის, კავშირი თავისუფლებისთვის, ეს გახლავთ დემოკრატიული კავშირი, ჩვენი მიზანია განვითარება და მრავალფეროვნების შენარჩუნება. ევროკავშირში ყველას შეუძლია საკუთარი მისწრაფებების დაკმაყოფილება, ეს გახლავთ თავისუფლების დიდი ნაწილი. ეს ძლიერი გზავნილია, რომელიც ხელოვნების ულამაზესი გზით გადმოიცემა”, – ამბობს პეტერ ფიშერი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend