საქართველოს პარლამენტის 30 აპრილის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების პოლიტიკური გამოსვლა დასრულდა და სესიაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა დაიწყო.
მანამდე პოლიტიკოსებმა მმართველი და ოპოზიციური პარტიებიდან „ქართული ოცნების” მიერ გამართული „საყოველთაო-სახალხო შეკრება” შეაფასეს.
„ქართული ოცნების” წევრები ამბობენ, რომ მმართველი პარტია ეროვნული ინტერესების დაცვით მოქმედებს. ოპოზიცია კი „ქართულ ოცნებასა” და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ადანაშაულებს, რომ მათ ღიად გამოხატეს საქართველოს რუსული გავლენის ქვეშ მოქცევის სურვილი.