მთავარიმსოფლიოევროპანიდერლანდებში ევროპარლამენტის არჩევნების წინ პირველი დებატები გაიმართა

ნიდერლანდებში ევროპარლამენტის არჩევნების წინ პირველი დებატები გაიმართა

ევროპარლამენტის არჩევნების წინ ნიდერლანდებში პირველი დებატები გაიმართა. დებატებში ევროკომისიის ამჟამინდელ პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად კიდევ შვიდი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას.

დიდი ზეწოლა იყო ფონ დერ ლაიენზე როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე კანდიდატების მხრიდან. ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა არჩევნების შემდეგ მემარჯვენე პარტიასთან, ევროპელი კონსერვატორების ჯგუფთან თანამშრომლობა არ გამორიცხა.

„უმრავლესობის დაკომპლექტება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაკომპლექტდება პარლამენტი და ვინ რომელ პარტიაში იქნება“, – განაცხადა კომისიის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

„არ შეიძლება, ღირებულებები და უფლებები პოლიტიკური პარტიების მიხედვით დავყოთ. ან უნდა გაურიგდე ულტრამემარჯვენეებს, რადგან გჭირდება, ან გადაჭრით თქვა, რომ მათთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან ისინი პატივს არ სცემენ ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებისთვისაც ჩვენი კომისია იბრძვის“, – განაცხადა ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი, ნიკოლას შმიტი.

ურსულა ფონ დერ ლაიენის გარდა, მწვავე კითხვები დაუსვეს ულტრამემარჯვენე პარტიის „იდენტობა და დემოკრატიის“ წევრსაც.

„ბატონო ვისტისენ, ახლა მთავარი პრობლემა ისაა, რომ  რუსეთი გავლენებს ყიდულობს. ეს თქვენი „იდენტობა და დემოკრატიის“  ჯგუფია. სანამ სხვას დაუწყებთ ჭკუის სწავლებას, აჯობებს ჯერ საკუთარი სახლი დაალაგოთ“, – მიმართა მწვანეთა პარტიის კანდიდატმა, ბას ეიკჰუტმა „იდენტობა და დემოკრატიის“ კანდიდატს.

ევროპელი მემარცხენეების კანდიდატმა, უოლტერ ბაიერმა, აპლოდისმენტები დაიმსახურა, როდესაც მან ურსულა ფონ დერ ლაიენს ისრაელის შესახებ დაუსვა კითხვა.

„ღაზაში ომის შესაჩერებლად როდის დააწესებს ევროკავშირი ისრაელზე სანქციებს?“ – კითხვით მიმართა უოლტერ ბაიერმა ევროკომისიის პრეზიდენტს.

„უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების, განსაკუთრებით ბავშვების სიკვდილის ყურება წარმოუდგენელი და მიუღებელია. სწორედ ახლა გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა და მძევლების გათავისუფლება. ჩვენ უნდა დავსხდეთ და ვიმუშაოთ ორი სახელმწიფოს პრინციპზე, რადგან სწორედ ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც რეგიონში მშვიდობას მოიტანს”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მწვავე დებატები გაიმართა საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებზეც, მაგალითად, როგორ დაფინანსდეს უკრაინა,  საკმარისი კრიტიკა მოჰყვა თუ არა ევროკავშირის მხრიდან ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვას, ევროპაში როგორ უნდა დაიძლიოს ანტისემიტიზმი, როგორ უნდა დავიცვათ მწვანე გარიგება და როგორ უნდა უპასუხოს ევროპამ ფერმერების მოთხოვნებს.

კანდიდატებს შორის მორიგი დებატები 23 მაისს ბრიუსელში გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend