საქართველოს პარლამენტთან „საყოველთაო-სახალხო შეკრება“ გაიმართა. ხალხს სიტყვით მიმართა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა. მან განაცხადა, რომ საქართველო უნდა მართოს ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ.
ბიძინა ივანიშვილმა მერაბ კოსტავას სიტყვები წარმოთქვა: „დაიმახსოვრეთ, თქვენ მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“. მისი თქმით, ქართველ ხალხს მერაბ კოსტავას ეს შეგონება კარგად უნდა ახსოვდეს.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ისაუბრა „გლობალური ომის პარტიის“ შესახებაც. მისი თქმით, „გლობალური ომის პარტიის“ აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქციეს.
„ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა არ გააწევრიანეს ნატოში და ორპირ ქარში დააყენეს. ყველა ასეთ გადაწყვეტილებას იღებს გლობალური ომის პარტია, რომელიც ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს. მათ ჯერ 2008 წელს საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოს პარლამენტთან შეკრებილებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ და გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ევროკავშირზე. როგორც მან განაცხადა, კონკრეტულ გავლენიან ძალებს ევროკავშირი წარმოუდგენიათ როგორც არასუვერენული, სუსტი სახელმწიფოების ერთობა, რომელიც დაცლილი უნდა იყოს ყოველგვარი იდენტობისა და ღირებულებებისგან, თუმცა ევროკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს ძლიერი, თუ ის გააერთიანებს სუვერენულ სახელმწიფოებს.
„დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. ქართულ საზოგადოებას აქვს მყარი ღირებულებები. ჩვენ სწორედ დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტითა და ღირებულებებით გვინდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე“ სიტყვით გამომსვლელთა შორის იყო თბილისის მერი კახი კალაძე. მისი თქმით, დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად. მან ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტზე.
„გასულმა რამდენიმე კვირამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი თანხების 90 პროცენტზე მეტი საქართველოში აგენტურის გაძლიერებას ემსახურება. გაირკვა, რომ იმ თანხების უდიდესი ნაწილიც კი, რომლებიც, თითქოს, სოფლის მეურნეობას, შშმ პირებზე ზრუნვას თუ “კავკასიურ სახლს” მოხმარდა, ტყუილად არ დახარჯულა. როგორც კი დასჭირდათ, ყველა ეს „ენჯეო“ ერთად გამოიყვანეს და ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირეს“, – განაცხადა თბილისის მერმა კახი კალაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კი საქართველოს ხილულ და უხილავ საფრთხეებზე ისაუბრა. მისი თქმით, პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას ორი საკითხი, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობას, ქართველების ცხოვრების წესსა და ქართველების ცხოვრებაზე უცხოურ გავლენას.