მთავარისაქართველოიურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით – მუხლობრივად განიხილავს.

ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ, სხდომის გადადებასა და რეგლამენტით გათვალისწინებული ნორმების შეცვლას, რადგან თვლიან, რომ კანონპროექტის განხილვა ხელისუფლების მიერ დაანონსებული აქციის ფონზე არ უნდა მიმდინარეობდეს.

მმართველი პარტიის დეპუტატები ამბობენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ქვეყანაში შავი ფულის შემოდინებას აღკვეთს.

„ალბათ ადვილი მისახვედრია რატომ ითხოვს „ნაციონალური მოძრაობა“ და ვაშაძე ამ განხილვის გადადებას. მათ ეს ბრძოლა გამჭვირვალობის წინააღმდეგ წააგეს და სწორედ ამიტომ დღევანდელი და შემდგომი სასესიო განხილვები გაგრძელდება და ჩატარდება. რა პროვოკაციაზე გვესაუბრებიან? დღეს შეკრებილი ადამიანები თავიანთ ქვეყნის მიმართ გამოხატავენ სიყვარულს. სწორედ ვაშაძესა და მისნაირებს ეშინიათ ხალხის. ეს სამართლიანი და ლოგიკურიც შეიძლება იყოს, იმიტომ, რომ მათ ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვთ. ამიტომ დასრულდა საუბარი პროვოკაციებზე. პროვოკაციები ვნახეთ ვისგანაც მომდინარეობდა – გუშინ მათ აქციაზე, რომელმაც პარლამენტის წინ გადმოინაცვლა, იყო მცდელობა, რომ დაეკავებინათ ის ადგილი, რომელიც უკვე დიდი ხანია დაანონსებულია, რომ დღევანდელი აქციისთვისაა. ზუსტადაც რომ იყო პროვოცირება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არაერთხელ გავაფრთხილეთ ყველა რომ მსგავსი პროვოკაციებისგან თავი შეეკავებინათ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ მათ ხელთ არსებული ყველა იარაღი გამოიყენეს – გამოიყვანეს მათივე დატრენინგებული ახალგაზრდები, „ფრანკლინის კლუბის“ წევრები და მათი უკვე სახეწაშლილი ოპოზიციის ლიდერები, თუ პარტიული ტელემედია საშუალებების წამყვანები. ვფიქრობ, ის რესურსი, რაც მათ ხელთ აქვთ, უკვე ამოწურულია. კანონის მიღების პროცესი გაგრძელდება ისე, როგორც დაგეგმილია და საქართველოს ექნება გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, – ამბობს ნინო წილოსანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ამ კანონპროექტს არანაირი კავშირი არ აქვს გამჭვირვალობასთან და თვლიან, რომ ეს კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას ხელს შეუშლის.

„ქართული ოცნება“ და ივანიშვილი პირდაპირ მიდიან იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეები ერთმანეთთან დააპირისპირონ. ამ კანონის ინიცირებაც სწორედ ამას ემსახურება. არანაირ გამჭვირვალობას ეს კანონი არ ემსახურება. თუკი გამჭვირვალობა უნდოდათ ან რაიმე დამატებითი ინფორმაციის გამოქვეყნება, ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ გვქონდა შეთავაზება, რომელიც არც ქვეყანას არ დააზიანებდა და თვითონაც ამ სიტუაციიდან გამოვიდოდნენ.  გვქონდა შეთავაზებული გრანტებისა და ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ კანონმდებლობაში ალტერნატიული ცვლილებები. მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ამ კანონებზე უარი გვითხრა იმიტომ, რომ არანაირი გამჭვირვალობა მათი მიზანი არ არის. ეს არის საზოგადოების დაპირისპირება, იარლიყების მიკერება და ჩვენს ევროპულ მომავალზე ფაქტობრივი უარი. ფაქტია, რომ ივანიშვილისვე ოცნების პირობებში ჩვენი ქვეყანა ვერ გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, – თქვა ანა ბუჩუკურმა, პარლამენტის დეპუტატმა პარტიიდან „საქართველოსთვის“.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს – 83 ხმით მიიღო.

სულ ცოტა ხნის წინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, კომიტეტის სხდომათა დარბაზიდან თამარ კორძაია, გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი გააძევა.

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ხელახლა წარადგინა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, საპროტესტო აქციები თბილისსა და სხვა ქალაქებში უწყვეტად მიმდინარეობს.

საპროტესტო აქცია გუშინაც გაიმართა – მოქალაქეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ. აქცია გვიან ღამემდე გაგრძელდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend