პოპულარულ ირანელ რეპერს თუმაჯ სალეჰს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს იმის გამო, რომ იგი მხარს უჭერდა 2022 წელს მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ მთელ ირანში აგორებულ საპროტესტო ტალღას.
„დისიდენტი რეპერის თუმაჯ სალეჰის სასიკვდილო განაჩენი უკვე გამოტანილია“, – ამბობს რეპერის ადვოკატი ამირ რესიანი. რეპერი დააკავეს, საკანში მარტო ჩასვეს და დაპატიმრების შემდეგ, სავარაუდოდ, აწამეს კიდეც.
ირანული რეფორმის მხარდამჭერი გამოცემების Shargh-ისა და Entekhab-ის მიხედვით, ისპაანის სასამართლომ გასულ კვირაში შეცვალა სალეჰის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირა თავდაპირველ ვერდიქტს, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა.
32 წლის სალეჰი ცნობილი გახდა სოციალურ ქსელებში ირანის რეჟიმის წინააღმდეგ გამოქვეყნებული რეპის ჟანრის კრიტიკული სიმღერებითა და ლექსებით. იგი მონაწილეობდა 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო მოძრაობაში. მაჰსა ამინი გარდაიცვალა დაპატიმრების დროს, როდესაც იგი ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო დააკავა.
სალეჰი ერთადერთი ხელოვანი არ არის, რომელიც მთავრობის მიმართ გამოხატული პროტესტის გამო დააკავეს. ქურთული წარმოშობის ირანელი რეპერი სამან იასინიც 2022 წლის საპროტესტო ტალღის დროს დააპატიმრეს და რეფორმების მომხრე საინფორმაციო სააგენტოს IranWire -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში ფსიქიატრიულ კლინიკაში ორჯერ გადაიყვანეს. ადამიანის უფლებათა დამცველი ქურთული ჯგუფის Hengaw-ის მიხედვით, იასინს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
სალეჰის სიკვდილით დასჯის განაჩენი დაგმეს ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა. ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა დესპანმა ირანის საკითხებში ტვიტერზეც დაწერა და სალეჰისა და სამან იასინის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ირანის ხელისუფლებას სალეჰის გათავისუფლებისა და სიკვდილის განაჩენის შეცვლისკენ მოუწოდეს გაეროს ექსპერტებმაც,
ავტორი: დეივიდ მურიკანი