ვენეციის ბიენალეზე საუდის არაბეთის უდაბნოს ქვიშისფერ პავილიონში გაბმული ღიღინი ისმის. ეს 1000 საუდელი ქალის ხმაა, რომლებიც ხელოვანმა მანალ ალ-დოვაიანმა ჩამოიყვანა საერთაშორისო გამოფენაზე.
მხოლოდ ქალებისგან შემდგარი კურატორების გუნდის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ალ-დოვაიანის ინსტალაცია მიზნად ისახავს, დაამსხვრიოს საერთაშორისო მედიაში დამკვიდრებული აზრი საუდის არაბეთში მცხოვრები ქალების შესახებ და დარჩენილი სიცარიელე მხოლოდ ქალების ხმებით შეავსოს.
ლიბანის პავილიონში ხელოვანი მუნირა ალ სოჰი უპირისპირდება მამაკაცების თვალსაზრისსა და ევროპის უძველესი მითის ფაბულას. ალ-დოვაიანის მსგავსად, ქალს ისიც საკუთარი ვერსიის გადმოცემის უფლებას უბრუნებს.
ვენეციის ბიენალე: საუდის არაბეთის პავილიონი საერთაშორისო დონეზე გავრცელებულ სტერეოტიპებს ანგრევს
Arsenale-ს დარბაზში განთავსებული საუდის არაბეთის პავილიონი სავსეა გიგანტური, უსწორმასწორო წრიული ფორმის აბრეშუმის ვერტიკალური პანელებით, რომლებიც ან იატაკიდან არის აღმართული ან ჭერიდან ეშვება. ისინი უდაბნოს ე.წ. ქვიშის ვარდს წააგავს, გამჭვირვალე მინერალს, რომელიც დიუნებში წარმოიშობა, სადაც ალ-დოვაიანი ცხოვრობს.
“დასავლურ ლიტერატურაში ქალს ყოველთვის ფაქიზ ინგლისურ ვარდს ადარებენ“, -მეუბნება ალ-დოვაიანი „არადა ქალები, რომელთაც მე ვიცნობ, საერთოდ არ ჰგვანან მას“.
როდესაც კოკისპირულ წვიმას ძლიერი სიცხე მოსდევს, წარმოიშობა უდაბნოს ვარდიც, რომელიც ალ-დოვაიანის აზრით, საუდელი ქალების ძლიერების სიმბოლოა.
გასასვლელებთან ერთად გროვად აღმართული პირისფერი აბრეშუმის პანელები მელნისფრად არის აჭრელებული საგაზეთო სტატიებით. წარწერები ერთმანეთშია არეული, თუმცა მათ შორის მაინც იკვეთება მსხვილი შრიფტით ნაწერი ფრაზები: „ჩახშობილი“, „იდუმალი“, „ბნელი დრო.“
“ევროპული პრესა ძალიან დარდობს, რომ ვერ გვხედავენ ჩადრის ქვეშ“, – განმარტავს ალ-დოვაიანი. „ამიტომ გადაწყვიტეს, თავად ილაპარაკონ არაბული სამყაროს სახელით“.
გამოკვეთილი ფრაზების უმეტესობა სიბნელეს უკავშირდება. ალ-დოვაიანი ფიქრობს, რომ ეს მიუთითებს „მედიაში ატეხილ იმ კაკაფონიაზე, რომელიც მუდმივად ახლავს საუდელ ქალებს“ და რომლის გაფანტვაც სურს.
საუდის არაბეთის პავილიონში ათასი ქალი მღერის
ოთახის შუაგულში განთავსებულ მინერალის ფიგურას ზედ წარწერილი ლექსების სტრიქონები და ნახატები ამშვენებს. აქ ჩანს აღმართული მუშტები და სასწორი, რომლის გათანაბრებულ პინებზეც ქალი და კაცი სხედან. ასევე ჩანს ოპტიმისტური ფრაზების წარწერები ინგლისურ და არაბულ ენებზე.
ეს ყველაფერი საუდის არაბეთში სამ სხვადასხვა საამქროში 1000-ზე მეტმა ყველა ასაკის ქალმა დაამზადა. ისინი მოიწვიეს, რათა მედიაში საუდელ ქალებზე დაბეჭდილი სტატიები წაეკითხათ და აზრი გამოეთქვათ.
“ძალიან ამაყი და მადლიერი ვარ მათი მხარდაჭერის გამო“, – ამბობს ალ-დოვაიანი. “ეს იყო სოლიდარობის განცდა, რომლის გამოც მადლობა უნდა გადამეხადა, ამიტომაც აქ, ვენეციაში, ჩამოვიყვანე სიმბოლურად და ჩემი ნამუშევრის შუაში დავუთმე ადგილი“.
როდესაც ამ პავილიონში დადიხარ, ღიღინის ხმა თანდათან იმატებს და ლაპარაკზე ხმამაღლა ისმის. ეს სიმღერა წააგავს ქვიშის შრიალს დიუნებში.
“ასეთ ხმას გამოსცემს პაწაწინა ქვიშის მარცვლები ერთმანეთთან შეხებისას,“ – განმარტავს კურატორი შადინ ალბულაიჰედი. “ეს აჩვენებს, რომ მცირე ხმებს ერთად დიდი ხმის გამოცემა შეუძლია“.
“საუდის არაბეთში ახალ ეპოქაში შევდივართ, როდესაც ქალებს ბევრად მეტი შესაძლებლობა და უფლება ეძლევათ“, – დაამატა ალ-დოვაიანმა. „ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი სხეულისა და ხმის საჯაროდ წარმოჩენის გზები“.
„ჩვენ უკან უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ამბები“: ლიბანის პავილიონი მამაკაცის ხედვას უპირისპირდება.
ლიბანის პავილიონში მუნირა ალ სოჰი ამსხვრევს ათასწლოვან მითს, რომელიც უკავშირდება ქვეყნის წარმოშობასა და მის ფინიკიელ წინაპრებს.
თავის ნამუშევარში „მითთან თამაში“ ალ სოჰი ჰყვება ფინიკიელი პრინცესის – ევროპის ამბავს, რომელიც შეაცდინა და მოიტაცა ზევსმა მას შემდეგ, რაც თეთრი ხარის სახე მიიღო.
საუკუნეების განმავლობაში – განსაკუთრებით დასავლურ მხატვრობაში – ეს მითი შეიცვალა და მოტაცება თანხმობად იქცა, რადგან მამაკაცის თვალი ასე ხედავდა.
ალ სოჰიმ გადაწყვიტა, ეს მითი გენდერული თანასწორობის ჭრილში განეხილა. მან ააყირავა ძალთა ბალანსი დომინანტ ღმერთსა და დამორჩილებულ პრინცესას შორის.
პრინცესა ევროპა თანამშრომლობს ზევსთან და თავის ჭკუაზე დაჰყავს. „სწორედ პრინცესას მიჰყავს იგი წყლის ზედაპირზე სეირნობით და იგი აბურთავებს ზევსს ფეხით, როგორც სათამაშო ბურთს“.
თავისი შემოქმედებითი ძიების დროს ავტორი გენდერულ სტერეოტიპებს უკიდურესი ფორმით ცვლის, ცვლის როლებსა და სქესს – მაგალითად, ჰერკულესის ძაღლი მდედრი ხდება.
„მითთან თამაში“ ნავის ირგვლივ არის განლაგებული, რითაც სიმბოლურად ეპატიჟება მნახველებს ემანსიპაციისა და გენდერული თანასწორობის მოგზაურობაში. მისი დაუმთავრებელი სტრუქტურა მიანიშნებს, რომ ეს მოგზაურობა ჯერ არ დასრულებულა.
ნავის იალქანზე აჩვენებენ 12-წუთიან ფილმს, რომელშიც გადმოცემულია, თუ როგორ აბზრიალებს ქალღმერთი ურნას, რომელშიც ხარის თავია მოთავსებული. „მე ვეძებდი დიდებულ თეთრ ხარს…მაგრამ ხელთ მხოლოდ თხა შემრჩა,“ – ვკითხულობთ პოეტურ პწკარედში.
“მინდა ვაჩვენო, რომ ჩვენ, ქალებს, არ გვინდა მსხვერპლის როლის თამაში,“ – უთხრა ალ სოჰიმ პავილიონის კურატორს ნადა განდურს ინტერვიუს დროს. „ჩვენ უკან უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ამბები, გავაფერადოთ, შევცვალოთ, შევასწოროთ, ამოვაყირაოთ, რათა მისაღები გავხადოთ“.
ავტორი: რებეკა-ენ ჰიუზი