მთავარიგადაცემებიCULTნილ იანგის სპოტიფაისთან დაპირისპირებამ შეგვახსენა, რომ ტექნოლოგიური გიგანტები ყოველთვის იმარჯვებენ

ნილ იანგის სპოტიფაისთან დაპირისპირებამ შეგვახსენა, რომ ტექნოლოგიური გიგანტები ყოველთვის იმარჯვებენ

ამ სტატიაში გამოთქმული თვალსაზრისი ავტორს ეკუთვნის და არ წარმოადგენს „ევრონიუსის“ სარედაქციო პოზიციას.

მსმენელს შესაძლოა ეს არც ადარდებდეს. თუმცა ხელოვანისთვის საკმაოდ მწარეა იმის გაცნობიერება, რომ მისი წარმატება თუ წარუმატებლობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს ალგორითმზე  და არა ადამიანის არჩევანზე, წერს ჯონა პრუსკი.

გასულ თვეში ნილ იანგმა და ჯონი მიტჩელმა გულდაწყვეტილებმა დაუბრუნეს საკუთარი მუსიკა Spotify-ის პლატფორმას, რომელიც ორი წლის წინ Spotify-ის  ყველაზე პოპულარული პოდკასტერის ჯო როგანის მიმართ პროტესტის ნიშნად დატოვეს.

იანგი ფიქრობს, რომ როგანი პლატფორმას კოვიდ-19-ის პანდემიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით იყენებდა.

“ან როგანი უნდა ჰყავდეთ ან იანგი. ორივე ვერ გამოვა“, – ასე მისწერა იანგმა თავის მენეჯერს Warner Music Group-ში.

როგორც გაირკვა, Spotify-ის შეუძლია, ორივე ჰყავდეს. და მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობ იანგის პროტესტზე (თუ ბოიკოტზე). მისი დაპირისპირება Spotify-ისთან კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ტექნოლოგიური გიგანტები რაღაც მხოლოდ მათტვის ცნობილი გზების მეშვეობით ყოველთვის ახერხებენ, მიიღონ ის, რაც სურთ. ხელოვანების წინააღმდეგობა, როგორც წესი, უშედეგოა.

სტრიმინგის ჰონორარი  vs ავტორი

უამრავ შემოქმედს მრავალი წლის განმავლობაში უცრუებდა იმედს ისეთი პლატფორმები, როგორებიცაა Spotify-ი და YouTube-ი, მათი ალგორითმის გამო, რომელიც, გარკვეულწილად, ხელს უწყობს პლატფორმაზე შემოსულთა რაოდენობის გაზრდასა და სტრიმის გავრცელებას და  ხელოვანს ამ გავრცელების  მიხედვით უხდის საზღაურს.

თუმცა მუსიკოსების უმეტესობას არ აქვს ისეთი გავლენა და ფინანსური რესურსი, რომ პლატფორმებს ან ულტიმატუმი წაუყენოს ან დატოვოს.

მართალია, Spotify-იდან ზოგიერთი ხელოვანი საკმაოდ კარგ შემოსავალს იღებს, „მაგრამ გაცილებით მეტია იმ შემოქმედთა რაოდენობა – რამდენიმე მილიონიც კი – რომლებსაც თავი გაჭირვებით გააქვთ თვიდან თვემდე სტრიმინგიდან მიღებული ჰონორარით,“ – ამბობენ ჯგუფ  Rolling Stone-ში.

Amy Harris/2019 Invision via AP

თანაც თუ ხელოვანს თავისი საკუთარი სტაბილური მაყურებლის რაოდენობა არ ჰყავს, ის უმეტესად Spotify-სა და YouTube-ის მომხმარებელთა იმედზეა.

Forbes-ის მიხედვით, Spotify-ს მუსიკალური სტრიმინგის ბაზრის 30.5% უკავია, რაც ორჯერ და მეტად აღემატება მისი ყველაზე დიდი კონკურენტის Apple Music-ის 13.7%-ს. YouTube-ს კი უბრალოდ ვერავინ უწევს კონკურენციას.

და ვის ადარდებს ეს – ალბათ იკითხავთ, Spotify ყველას უყვარს. ამ კომპანიამ ხომ ამდენი გააკეთა მუსიკის დემოკრატიზაციისთვის. ასე არ არის? შესაძლოა, კარგი რიტმი გქონდეს, მაგრამ ალგორითმიც უნდა მოათვინიერო.

რაც მართალია, მართალია, ამ კომპანიამ ძალიან შეამცირა ის ბიუროკრატია, რომელიც  მუსიკის ბიზნესში მემკვიდრეობის საკითხს უკავშირდება და მუსიკოსები მსმენელთან პირდაპირ დააკავშირა – ასეთი ბიზნესმოდელი შექმნა.

ეს განწყობა საფუძვლად უდევს კომპანიის მისიის განმარტებასაც, რომელიც ასე იკითხება: „ადამიანის შემოქმედებითი პოტენციალის გახსნა  მილიარდობით მსმენელისთვის მილიონობით მუსიკოსის ცოცხალი მუსიკის შესრულების მოსმენისა და ტკბობის შესაძლებლობის მიცემის გზით.“

კომპანიამ მართლაც ბევრი გააკეთა ამ მისიის შესასრულებლად. მისი წყალობით, შესაძლებელია მუსიკალური კარიერის ისე დაწყება, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა რამდენიმე ათეული წლის წინ.

მუსიკოსის სტრიმინგი – და მისი გავრცელების შედეგად შემოსავლებიც – შესაძლოა ერთ ღამეში ელვის სისწრაფით გაიზარდოს, თუ მისი სიმღერები პლატფორმის ყველაზე პოპულარული სიმღერების რჩეულში აღმოჩნდება.

ნამდვილად დიდი სხვაობაა Uber-ზე საჭის მართვასა და მუსიკის სტრიმინგის მეშვეობით 200 ათასი დოლარის (187 880 ევროს) მოცულობის ჰონანარის მიღებას შორის.

ამიტომ ამ პლატფორმის გაკრიტიკების ნებისმიერი მცდელობა ძალიან ფრთხილი უნდა იყოს და ითვალისწინებდეს, რას მოუტანს ეს მუსიკოსს. თუმცა ამ პლატფორმის ალგორითმმა მრავალი სხვადასხვა გზით შეძლო და მუსიკალური გემოვნება  ყველაზე პოპულარული მუსიკოსების მცირერიცხოვან ჯგუფს მოარგო, რითაც ახალბედა მუსიკოსებს საქმე გაურთულა.

Chris Pizzello/Chris Pizzello/Invision/AP

როგორც სკოტ ტიმბერგი ამერიკული ვებგამოცემა Salon-ის საავტორო სვეტში წერს, „ალგორითმი იმისთვისაა, რომ სულ უფრო დაგაახლოოს იმასთან, რაც იცი. და იმის ნაცვლად, რომ იმ მუსიკისკენ წაგიყვანოს, რომლის მოსმენაც გინდა, ალგორითმი გთავაზობს იმ მუსიკის მსუბუქ ვარიაციებს, რომელსაც უკვე უსმენ“.

ხალხი კი ძირითადად Spotify-ის მუსიკოსების ბაზიდან იმ მცირე ქვეჯგუფს უსმენს, რომელიც კოლექტიურ გემოვნებას აკმაყოფილებს.

“2013 წელს  მუსიკის საერთო გაყიდვებიდან შემოსული შემოსავლების სამი-მეოთხედი მუსიკოსების სათავეში მყოფი ჯგუფის 1%-მა მიიღო. იმავე წელს Spotify-ზე შესული სიმღერების 20% საერთოდ არ გასულა სტრიმინგით,“ – წერს ლუდოვიკ ჰანტერტილნეი ბრიტანულ გამოცემა Financial Times-ში.

შეიძლება ფიქრობ, რომ იქნებ სულ ასე ხდებოდა. მე კი იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერმა, ვისაც კი უყურებია გადაცემა The X Factor-ისთვის, იცის, რომ ყველა გამომსვლელი არ იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. მაგრამ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას – თუ ვისთვის და რისთვის მოგესმინა – ადამიანი იღებდა.

რამდენად ამართლებს ბოიკოტი?

როგორც მსმენელს, შესაძლოა, სულაც არ გადარდებდეს ეს, მით უმეტეს, თუ ფიქრობ, რომ ალგორითმი მშვენივრად ესადაგება შენს გემოვნებას. მაგრამ  მუსიკოსისთვის საკმაოდ მწარეა იმის გაცნობიერება, რომ მისი წარმატება თუ წარუმატებლობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს ალგორითმზე –  და არა ადამიანის არჩევანზე.

დავუშვათ, მუსიკოსი ხართ ან ვირტუალური პროდუქტის ავტორი, რომელიც თვლის, რომ ალგორითმი უსამართლოდ ექცევა. რას იზამ, გახვალ პლატფორმიდან? ბოიკოტს გამოუცხადებ?

ზოგიერთი სწორედ ამას აკეთებს. სულ უფრო მეტი ხელოვანი და ავტორი ტოვებს Spotify-სა და YouTube-ს და გადადის ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა Substack-ი და Patreon-ი, რომლებზეც მათი შემოსავალი ალგორითმზე დამოკიდებული არ არის.

Substack-ი და Patreon-ის პლატფორმები ხელოვან ხალხს საშუალებას აძლევს, „საკუთარი აუდიტორია“ ჰყავდეს, რადგან ამ პლატფორმებზე შემოსავალი არ არის დამოკიდებული ნახვების რაოდენობაზე. აქ აუდიტორიის წევრები თავად უხდიან ავტორებს და პლატფორმა აქედან მცირე წილს იღებს.

თუმცა ჯერჯერობით ასეთი ნაბიჯის გადადგმა ისეთი ცნობილი ხელოვანებისთვის არის გამართლებული, როგორებიც არიან იანგი და მიტჩელი, რომლებსაც საკუთარი ერთგული მსმენელი ჰყავთ.

მაგრამ თუკი დამწყები მუსიკოსი ან სხვა ინტერნეტპროდუქტის ავტორი ხარ, ნამდვილად არ გაქვს არჩევანი, გარდა იმისა, რომ მოთმინებით დაელოდო, როდის მოიწონებს ალგორითმი შენს ნამუშევარს.

ჯონა პრუსკი კანადელი დამოუკიდებელი ავტორია, რომელიც ლონდონში ცხოვრობს. მისი ნაწერები გამოქვეყნებულია რამდენიმე წამყვან გამოცემაში, მათ შორისაა Canadian Broadcasting Corporation (CBC), Toronto Star და Calgary Herald.

Euronews-ზე ყველა თვალსაზრისი მნიშვნელოვანია.

ავტორი: ჯონა პრუსკი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend