მთავარიმსოფლიომსოფლიო ხედავს საერთაშორისო სამართლის დარღვევას - Amnesty International-ის ახალი ანგარიში

მსოფლიო ხედავს საერთაშორისო სამართლის დარღვევას – Amnesty International-ის ახალი ანგარიში

Amnesty International-ში აცხადებენ, რომ ყველაზე ძლევამოსილმა მთავრობებმა, მათ შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და ჩინეთმა, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით განსაზღვრული საერთაშორისო წესები და ღირებულებები უგულებელყვეს.

„უფლებათა დარღვევის დონე, რომლებსაც ვაკვირდებოდით, უპრეცედენტოა. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის უზარმაზარი მსხვერპლი ვნახეთ. ვნახეთ შიმშილის ომის იარაღად გამოყენება, პალესტინელთა კოლექტიური დასჯა, ჟურნალისტებისა და ჰუმანიტარული მისიების მონაწილეთა მკვლელობა, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის მიყენებული უპრეცედენტო ზიანი. ეს ქმედებები ძალიან სერიოზული დანაშაულია, თუმცა ისრაელი მათ ამართლებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც იგივე გააკეთა. ჩვენ ვნახეთ უკრაინაშიც იმავე სახის დანაშაული, რომელიც რუსეთმა ჩაიდინა“, – ამბობს Amnesty International-ის გენერალური მდივანი აგნეს კალამარი.

აგნეს კალამარმა აღნიშნა ისიც, რომ ორგანიზაცია წლებია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისრაელის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისკენ მოუწოდებს: „Amnesty International მრავალი წელია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისრაელში არსებული ვითარების გამოძიებისკენ მოუწოდებს. ჩვენ მათ მოვუწოდებდით გამოეძიებინათ აპართეიდის სხვა დანაშაულები, რომლებიც ჩვენი აზრით, ისრაელმა ჩაიდინა. ჩვენ მოვუწოდეთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოიძიოს ბოლო ექვსი თვის დარღვევებიც“.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში აღწერილია ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა მსოფლიოს 155 ქვეყანაში. ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის წინააღმდეგ ნეგატიური დამოკიდებულება გაძლიერდა. ხაზგასმულია ირანში ქალთა საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობა, “თალიბანის” განკარგულებები ავღანეთში, რომელთა მიზანიც, ორგანიზაციის შეფასებით, ქალების საზოგადოებრივი ცხოვრებიდან ჩამოშორებაა, აბორტის შეზღუდვა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პოლონეთში და სხვა შემთხვევები, რომლებიც ქალების უფლებრივ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend