მთავარიმსოფლიოევროპაევროპა ომის ეკონომიკაზე გადადის - რას ნიშნავს ეს?

ევროპა ომის ეკონომიკაზე გადადის – რას ნიშნავს ეს?

ევროპა ეტაპობრივად იწყებს ომის ეკონომიკაზე გადაწყობას. მსოფლიოში მიმდინარე დაძაბული მოვლენების ფონზე ევროპის ქვეყნების უმეტესობამ გადაწყვიტა გაეზარდა თავდაცვის ხარჯები და განევითარებინა საკუთარი სამხედრო მრეწველობა.

ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპის ქვეყნებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს თავდაცვის ხარჯები სოციალური, ინფრასტრუქტურული ან ტექნოლოგიური ინვესტიციების სასარგებლოდ. სპეციალისტების აზრით, თავდაცვითი ხარჯების შემცირების ფონზე ევროპა სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა მიმდინარე მსოფლიო მოვლენებთან გასამკლავებლად.

„ევროპელები იძულებულები არიან იარაღი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შეისყიდონ და შემდგომ გაუგზავნონ უკრაინას, დღეს უკვე სერიოზულად დგას საკითხი, რომ მოხდეს ევროპის ეკონომიკის ტრანსფორმაცია, რათა გააძლიერონ სამხედრო წარმოება“,- აცხადებს ევრონიუსთან ინტერვიუში აკადემიკოსი ლადო პაპავა.

სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ჩამოყალიბება ევროპის ქვეყნებისთვის მთავარი პრიორიტეტი გახდა. უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საჯაროდ განაცხადა, რომ ეს იყო გარდამტეხი მომენტი, ბუნდესტაგში გამოსვლისას მან დადო პირობა, რომ მნიშვნელოვნად გაზრდიდა თავდაცვის ხარჯებს.

ექსპერტების აზრით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკებისთვის არ იქნება რთული გაზრდილი ხარჯების დასაფარად დამატებითი სახსრების მოზიდვა.

ევროპის ომის ეკონომიკაზე გადაწყობა გაამარტივებს უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების მიწოდებასაც. ამან კი ანალიტიკოსების აზრით, შეიძლება შემოაბრუნოს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება.

გაზრდილი თავდაცვის ხარჯები შეიძლება იყოს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ფაქტორი. სამხედრო მრეწველობა ქმნის დასაქმების შესაძლებლობებს. უფრო მეტიც, თავდაცვით ინვესტიციებს ხშირად აქვთ მულტიპლიკატორული ეფექტი.

„სამხედრო სამრეწველო კომპლექსში მომუშავე ადამიანები უზრუნველყოფენ ეროვნულ უსაფრთხოების განცდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისთვის. ასევე ახლად დასაქმებული ადამიანებს, რა საკვირველია, მოუწევთ საკუთარი ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რაც გამოიწვევს შემოსავლის მთელს საზოგადოებაზე გადანაწილებას, ეკონომისტები ამას, კეინზის მულტიპლიკატორს ვუწოდებთ“, – განაცხადა აკადემიკოსმა ლადო პაპავამ.

თუმცა განვითარებული სამხედრო მრეწველობის კომპლექსი ასევე შეიძლება გარკვეულ საფრთხეებთან იყოს დაკავშირებული. ძლიერმა სამხედრო ინდუსტრიამ შეიძლება გავლენა იქონიოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე. თუმცა ანალიტიკოსების მოსაზრებით, ევროპაში არსებული ძლიერი ინსტიტუციები, დემოკრატიული ტრადიციები და სახელმწიფო მშენებლობის ტრადიციები უზრუნველყოფენ ევროპული ღირებულებების შენარჩუნებასა და სამხედრო გავლენების დაბალანსებას.

დიზი სურგულაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend