თელ–ავივში ათეულობით მოქალაქე ებრაული დღესასწაულის პასექის აღსანიშნად, გატაცებულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს შეუერთდა.
ბევრი მათგანი ბეერის კიბუციდანაა, საიდანაც 7 ოქტომბერს ათეულობით ადამიანი გაიტაცეს.
მოქალაქეები შეიკრიბნენ მოედანზე, სადაც მძევლების სახელებით წარწერილი ცარიელი მაგიდა იდგა, იქვე იყო განთავსებული დიდი ზომის საათი იმის შესახსენებლად, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია, მათი ახლობლები ტყვეობაში იმყოფებიან.
გატაცებულების ახლობლები ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ მათ არ შეუძლიათ თავისუფლებასთან დაკავშირებული არანაირი ღონისძიების აღნიშვნა, როცა ღაზაში ამდენი მძევალია.
თითქმის ორასი დღეა, რაც ისინი გატაცებულები არიან და „ჰამასის“ ხელში იტანჯებიან. შეკრებილებს იმედი აქვთ, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება და თითოეული მათგანი თავის ოჯახს დაუბრუნდება.
როგორც ისრაელი აცხადებს, ამჟამად „ჰამასს“ 100-ამდე ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.