აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
დოკუმენტში მიმოხილულია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები სხვადასხვა მიმართულებით.
ერთ-ერთი კი სასამართლოს დამოუკიდებლობას შეეხება. ანგარიშის თანახმად, „მოსამართლეები დაუცველები იყვნენ პოლიტიკური ზეწოლის მიმართ, როგორც სასამართლოს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ“.
ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ სასამართლო სისტემის არასათანადო გამჭვირვალობა ძირს უთხრის სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობას – „იყო სანდო ბრალდებები, რომ გავლენიანი „კლანის“ წევრები იყვნენ კორუმპირებულები. რამდენიმე გამომძიებელი ჟურნალისტის რეპორტაჟებში აღწერილია სასამართლოში არსებული კორუფცია, კერძოდ ეს უკავშირდება მოსამართლეთა დაუსაბუთებელ შემოსავლებს“, – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
ვრცელ დოკუმენტში ასევე საუბარია როგორც გამოხატვის თავისუფლებაზე, ასევე მედიის უფლებებზე – „იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოში ხელისუფლებამ საზოგადო მოღვაწეებს, პოლიტიკურ ოპონენტებსა და ჟურნალისტებს, მთავრობის კრიტიკის შესაძლებლობა შეუზღუდა“ – წერია ანგარიშში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, როგორც ჟურნალისტები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო თანამეგობრობა შეშფოთებულია საქართველოში ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების არასათანადო პატივისცემის გამო.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნახსენებია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია და წერია, რომ მისი დაპატიმრება სახალხო დამცველმა, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს.