მთავარიევროპაესპანეთილაურეუსის დაჯილდოება

ლაურეუსის დაჯილდოება

მადრიდში ჩატარებულ ლაურეუსის პრესტიჟულ დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად ესპანეთის ქალთა ნაკრებისა და “ბარსელონის” ფეხბურთელი აიტანა ბონმატი დასახელდა. მან ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და გუნდურადაც ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა.

“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ლაურეუსის წლის სპორტსმენის ჯილდოს მიღება. ასევე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ნაკრები ლაურეუსის მსოფლიო სპორტის აკადემიამ წლის გუნდად აღიარა. მე ვარ პირველი ქალი ფეხბურთელი, ვინც ეს ჯილდო მოიგო და ძალიან მიხარია ისეთი ადამიანების გვერდით დგომა, როგორებიცაა სერენა უილიამსი, ნაომი ოსაკა და ა.შ. ისინი ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყვნენ ახალგაზრდა ქალებისა და ახალგაზრდა თაობისთვის”,-ამბობს აიტანა ბონმატი, ფეხბურთელი და ლაურეუსის ჯილდოს გამარჯვებული.

წლის აღმოჩენად ჯუდ ბელინგემი დასახელდა, რომელსაც საოცრად შედეგიანი სადებიუტო სეზონი აქვს “მადრიდის რეალში”. ბელინგემს ეს ჯილდო ამ ნომინაციის წინა წლის გამარჯვებულმა კარლოს ალკარასმა გადასცა.

ხოლო წლის საუკეთესო კაც სპორტსმენად დასახელდა ლეგენდარული სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელმაც საჩოგბურთო გრანდ სლემის მოგება ოცდამეოთხედ მოახერხა, ხოლო ლაურეუსის ჯილდო კი მეხუთედ მიიღო. ამდენჯერ არცერთ სხვა სპორტსმენს არ აქვს ეს პრიზი მოგებული.

“საოცარი შეგრძნებაა, რადგან ლაურეუსის პრიზი უკვე მეხუთედ მოვიგე. პირველად 2012 წელს, 24 წლის ასაკში, ახლა კი ისევ აქ ვარ, 12 წლის შემდეგ და ვიხსენებ იმ პერიოდს, რომელიც ჩემს გულშემატკივართან ერთად გამოვიარე. მე ვერ მივაღწევდი ამდენ წარმატებას, ჩემ უკან წარმოუდგენლად ძლიერი გუნდი რომ არ იყოს და ასევე უძლიერესი მეტოქეები, რომლებიც ყოველთვის მიბიძგებდნენ, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვყოფილიყავი”, – თქვა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ლაურესის ჯილდოს გამარჯვებულმა.

წლევანდელი ლაურეუსის დაჯილდოება ოცდამეხუთედ გაიმართა. ამ საღამოზე იმყოფებოდნენ გავლენიანი ფიგურები როგორც სპორტის, ასევე კინოსა და მოდის სამყაროდანაც. საღამოს წამყვანი ჰოლივუდის მსახიობი ენდი გარსია გახლდათ. დაჯილდოება პირდაპირ ეთერში სხვადასხვა სპორტულ არხსა და სტრიმინგ პლატფორმაზე გადაიცემოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend