მთავარისაქართველოხმის მიცემის უფლება

ხმის მიცემის უფლება

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ათიათასობით ახალბედა ამომრჩეველი მივა. ახალგაზრდები საარჩევნო უბანზე ხმას პირველად მისცემენ. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ერთი ხმა დიდი ძალაა, არჩევნებზე მისვლა კი მოქალაქეობრივი ვალია. ზოგსაც ჰგონია, რომ არჩევნებზე მისვლით არაფერი შეიცვლება.

კითხვაზე, როგორი განცდაა, როცა სრულწლოვანი ხარ და არჩევნებში მონაწილეობა შეგიძლია, თბილისის ქუჩებში ამგვარად გვიპასუხეს:

„პოლიტიკურ პროცესებს რომ ვაკვირდები, ძალიან მიხარია, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და იმის გადაწყვეტა შემიძლია, თუ როგორი მომავალი მინდა ჩემი ქვეყნისთვის. ძალიან მომწონს, რომ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და შემიძლია, წვლილი შევიტანო ქვეყნის განვითარებაში“.

„უკვე კანონით მაქვს სრული უფლება, რომ ჩემი, ჩემი მეგობრების, ჩემი ქვეყნის ბედი განვსაზღვრო. შემიძლია ჩემი ერთი ხმით ამ საქმეში წვლილი შევიტანო“.

„არჩევნებზე მისვლას არ ვაპირებ“.

„ყველა მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ გადაწყვეტილების მიღება, თუ ვინ იქნება სახელმწიფო მმართველობასა და სტრუქტურებში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ვალდებულების აღებაა“.

„უკვე იცი, რომ შენს ხმას ძალა აქვს. არჩევნებზე წასვლა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა“.

„ვფიქრობ, რომ ყველა ახალგაზრდა, რომელსაც უკვე საკუთარი აზრის დაფიქსირება შეუძლია, არჩევნებზე აუცილებლად უნდა მივიდეს, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

23 აპრილის მონაცემებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 97 000-ზე მეტ ახალგაზრდას არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა პირველად მიეცემა.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ამომრჩეველზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს, თუმცა დამოკიდებულებას საარჩევნო პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით ძირითადად ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესები განსაზღვრავს.

„უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი ვითარებაა ქვეყანაში. ზოგჯერ ახალგაზრდა ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაში მაინც ვერაფერს გააკეთებს. ფიქრობს, რომ ქვეყნიდან უნდა წავიდეს. დღეს ისეთი ვითარებაა, რომ ახალგაზრდები გაბრაზებულები არიან. უფრო სწორედ, ისინი არათუ გაბრაზდნენ, არამედ საკუთარი ნება გამოხატეს. თქვეს, „გვინდა ღირსეული სამშობლო“, „გვინდა ევროპა“. ამ შემთხვევაში ახალგაზრდამ იცის, რომ მასზე და მის ნებაზე ბევრია დამოკიდებული. ეს მათ სტიმულს აძლევს, რომ არჩევნებზე წავიდნენ. ასეთ დროს ახალგაზრდები ერთმანეთს აგულიანებენ. ეს გადამდებია. თუ ისინი შექმნიან იმ კულტურას, რომ თითოეული მათგანის ხმას მნიშვნელობა აქვს, ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება”, – ამბობს ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი.

ჯანა ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა ამომრჩევლებზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ოჯახში არსებული განწყობაც: „თუ ოჯახი პასიურია, ან თუ მონოარჩევანს უკარნახებს შვილს, ეს განწყობა შეიძლება გადამდები იყოს. ფსიქოლოგიის მიხედვით, ერთი ან ორი ალტერნატივა არჩევანი არ არის. მინიმუმ სამი ალტერნატივა უნდა არსებობდეს. თუ ოჯახში ამას ვერ ხედავ, შესაძლებელია, ეს შვილებსაც გადასდოს. ასეთ შემთხვევაში თაობას „ნასწავლი უსუსურობა“ მემკვიდრეობით ერგება“.

იმისთვის, რომ არჩევნებზე უფრო მეტი ახალგაზრდა მივიდეს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს, ცენტრალური საარჩევნო კომისია რამდენიმე პროექტს ახორციელებს. ერთ-ერთი მათგანი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველია. საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 2015 წლიდან დღემდე პროექტში მონაწილეობა 33 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო.

„საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამას ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან მრავალი წლის განმავლობაში ახალგაზრდებისთვის შეთავაზებული საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროექტები. აღსანიშნავია ცესკოს ინოვაციური პროექტები, როგორებიცაა საარჩევნო განვითარების სკოლები და საარჩევნო ბანაკები. მათ მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. აღნიშნული პროექტები ხელს უწყობს არჩევნების პოპულარიზაციასა და საარჩევნო კულტურის განვითარებას“, – ამბობს ნათია იოსელიანი, ცესკოს პრესსპიკერი.

18-29 წლის ახალგაზრდები საქართველოს ამომრჩეველთა 18 პროცენტს შეადგენენ. მათი ნაწილი წელს არჩევნებზე პირველად მივა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend