მთავარიამერიკააშშევრონიუსის ინტერვიუ მაიკ პენსთან

ევრონიუსის ინტერვიუ მაიკ პენსთან

უკრაინის სამხედრო დახმარება, ჩრდილოატლანტიკური ურთიერთობები და გლობალური გამოწვევები – ინტერვიუ აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან.

შტეფან გრობე, ევრონიუსი: ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ბრიუსელში ეს თქვენი პირველი ვიზიტი არ გახლავთ, იმედი მაქვს, ამჯერად უფრო გულთბილად დაგხვდნენ.

მაიკ პენსი, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი: დიახ, ბრიუსელში ჩემი პირველი ვიზიტისას ცოტა ცივად შეგვხვდნენ, ეს გასაგებია, ახალი არჩეული ვიყავი და ბევრი ევროპაში შიშობდა, რომ ჩვენ ახალი ფორმის იზოლაციონიზმისკენ ვისწრაფოდით, განსაკუთრებით კი ეკონომიკური თვალსაზრისით. ვიცე-პრეზიდენტის რანგში 2017 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პირველად სიტყვით გამოსვლისას მე განვაცხადე, რომ ამერიკა უპირველეს ყოვლისა არ ნიშნავდა ამერიკის განმარტოებას. მე ვამაყობ, რომ ჩვენ შევძელით ნატოს გაძლიერება, გავაძლიერეთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან კავშირიც. ჩვენ შევქმენით საფუძველი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპასა და გაერთიანებულ სამეფოს გაეწიათ ის დახმარება მამაცი უკრაინელებისთვის, რომელთა მომსწრენიც ჩვენ ვართ.

შტეფან გრობე, ევრონიუსი: თქვენი ნებართვით გკითხავთ, ამჟამად, ბრიუსელში მიმდინარე დისკუსიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემადგენელზე, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებაზე. კონგრესის მიერ უკრაინისათვის, ისრაელისა და ტაივანისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის განხილვა ხანგრძლივი და მტკივნეული პოლიტიკური პროცესის ფონზე მიმდინარეობს, რა გზავნილია ეს ვაშინგტონისგან მოკავშირეებისადმი?

მაიკ პენსი, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი: გზავნილი შემდეგია, რესპუბლიკელთა და დემოკრატთა, ამერიკელთა უმრავლესობა მზად არის, გააგრძელოს თავისუფალი სამყაროს ლიდერის ფუნქციის შესრულება. მე დარწმუნებული ვარ, რომ კონგრესი მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას, დავეხმარებით როგორც უკრაინას, ასევე ტაივანს და ისრაელს, წინ აღვუდგებით პეკინს და ვაიძულებთ ამერიკის შეერთებულ შტატებში TIKTOK-ის გაყიდვას. კონგრესში მანდატთა გადანაწილება პროცესის სწრაფად შესრულებას უშლის ხელს, მე 12 წელი ვსაქმიანობდი კონგრესში, ეს ჩემთვის არ არის ახალი.

შტეფან გრობე, ევრონიუსი: რამდენად დარწმუნებულნი ხართ ვაშინგტონის მიერ კიევისადმი გრძელვადიანი მხარდაჭერის?

მაიკ პენსი, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი: წელს საპრეზიდენტო არჩევნებია, სამხედრო დახმარების პაკეტი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის ჯარისკაცებს რუსი აგრესორებისგან თავდაცვის საჭირო ინსტრუმენტებს მისცემს. მე ასევე მჯერა ამერიკელი ხალხის. ყველგან სადაც ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსით ვარ ნამყოფი, ყველგან არაერთ მოქალაქეს გამოუხატავს მადლიერება ჩვენ მიერ შეიარაღებული ძალებთან თანადგომისათვის, ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერისათვის, ავტორიტარების აგრესიული საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგობის გაწევისთვის, იქნება ეს უკრაინა თუ ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმა, გნებავთ ჩინეთის პროვოკაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მე და ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას კარგად გვესმის თავისუფალი სამყაროს ისტორიაში ჩვენი როლის მნიშვნელობა და ვინც არ უნდა შექმნას თეთრ სახლში შემდეგი ადმინისტრაცია, დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ იდეალებით იმოქმედებს.

შტეფან გრობე, ევრონიუსი: მიუხედავად ამისა, მოსახლეობა ამჩნევს სხვაობას, “რესპუბლიკური პარტია” ყოველთვის ცნობილი იყო მოსკოვისადმი მკაცრი დამოკიდებულებით – რონალდ რეიგანი, ჯორჯ ბუში, ჯონ მაკკეინი. რა მოხდა? რა შეიცვალა?

მაიკ პენსი, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი: შტეფან, მიმაჩნია, რომ რესპუბლიკურ პარტიაში იზოლაციონიზმის მომხრეთა რიცხვი იზრდება. ჩემს პარტიაში მე ხშირად და არაერთხელ მისაუბრია საპირისპიროს აუცილებლობაზე, 1930-იან წლებში ხომ ვისწავლეთ გაკვეთილი. ევროპამ დიდი ფასი გადაიხადა. მე გეტყვით, რომ ის ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჩვენ უნდა ავირჩიოთ შიდა პოლიტიკურ საკითხებს, მაგალითად, სამხრეთ სახელმწიფო საზღვრის კონტროლს, ინფლაციასა და დანაშაულთან ბრძოლას შორის და თავისუფალი სამყაროს წინამძღოლობას შორის, მათ მსოფლიოში უდიდესი ერის შესახებ ძალიან ვიწრო წარმოდგენა ჰქონიათ. მე მჯერა, რომ ამერიკელთა უმრავლესობა, ორივე პარტიაში, მხარს უჭერს ამერიკის წინამძღოლობას როგორც აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და წყნარი ოკეანისა და აზიის რეგიონებში.

შტეფან გრობე, ევრონიუსი: ჩრდილოატლანტიკური ურთიერთობების გათვალისწინებით რა წარმოადგენს ორივე მხარისთვის მთავარ გამოწვევას?

მაიკ პენსი, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი: მოკლე ვადაში რუსეთის ფედერაციის აგრესიული საგარეო პოლიტიკა ევროპის სტაბილურობისთვის გადამწყვეტი საფრთხეა. ეჭვი არ მეპარება, რომ დასავლეთის პასიურობის შემთხვევაში უკრაინაში ვლადიმერ პუტინის გამარჯვებით მხოლოდ დროის ამბავი იქნება კრემლის თავდასხმა ნატოზე. მეხუთე მუხლის თანახმად, ჩვენ ყველას მოგვიწევს მასთან ომი. მიმაჩნია, რომ აუცილებელია მამაცი უკრაინელი ჯარისკაცებისა და ოფიცრების მხარდაჭერა, ისინი თავისუფლებისთვის იბრძვიან. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ჩინეთი წარმოადგენს ჩვენთვის სტრატეგიულ და ეკონომიკურ საფრთხეს. თავისუფალი სამყარო ამ მომენტს ერთიანი ძალებით უნდა შეხვდეს.

შტეფან გრობე, ევრონიუსი: უკრაინასთან დაკავშირებით მსურს გკითხოთ, დონალდ ტრამპი ხშირად აცხადებს, რომ ამ ომს 24 საათში დაასრულებდა, იზიარებთ ამ მოსაზრებას?

მაიკ პენსი, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი: მიმაჩნია, რომ ამ ომის 24 საათში დასრულების ერთადერთი გზა ვლადიმერ პუტინის ყველა მოთხოვნის შესრულებაა. მე პრეზიდენტთან 4 წელიწადი ვიმსახურე, მას სჩვევია ხმაურიანი განცხადებები, იმედი მაქვს, რომ ამერიკელი ხალხი არჩევნების შედეგების მიუხედავად, გააგრძელებს თეთრ სახლსა და კონგრესში მსხდომი მეთაურობისგან ვლადიმერ პუტინის აგრესიისთვის პასუხის გაცემის მოთხოვნას.

შტეფან გრობე, ევრონიუსი: თქვენ კონგრესში, წარმომადგენელთა პალატაში, მსახურობდით. იყავით ინდიანას შტატის გუბერნატორი, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი. ვიცი რომ ბიოგრაფიაც დაწერეთ, რას ელის მსოფლიო მომავალში მაიკ პენსისგან?

მაიკ პენსი, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი: შტეფან, მე მიყვარს გამოთქმა, რომლის თანახმად, შეიძლება მომავალი ბუნდოვანია, მაგრამ ვიცით, ვის ხელშია მომავალი. მე გავაგრძელებ იმავე ღირებულებების დაცვას, როგორც ეს აქამდე იყო. მე საჯარო ცხოვრების წესით უკვე 40 წელია ვცხოვრობ, მე რესპუბლიკურ პარტიას რონალდ რეიგანის მმართველობისას შევუერთდი და მჯერა ძლიერი თავდაცვისა და ამერიკის წინამძღოლობით თავისუფალი სამყაროსი. მე მჯერა დაბალანსებული ბიუჯეტისა და შეზღუდული ფედერალური ხელისუფლების. მე ტრადიციული ღირებულებების მატარებელი ვარ, სიცოცხლის მჯერა. მე ჩემს დარჩენილ ცხოვრებას ამ ღირებულებათა დაცვას მოვახმარ. თუ მექნება შესაძლებლობა, რომ ჩემს ერსა და სახელმწიფოს სხვა გზითაც ვემსახურო, არ გამოგაპარებთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend