მთავარისაქართველო"ქართული ოცნება" გეგმავს კანონპროექტის მხარდასაჭერად კონტრაქცია გამართოს

“ქართული ოცნება” გეგმავს კანონპროექტის მხარდასაჭერად კონტრაქცია გამართოს

ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეების მიერ გამართული ერთკვირიანი უწყვეტი საპროტესტო აქციების შემდეგ კონტრაქციის გამართვის ინიციატივა მმართველმა პარტიამაც გამოხატა. 29 აპრილს „ქართული ოცნება“ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, საკუთარი და ამ კანონის მხარდამჭერი მოქალაქეების შეკრებას გეგმავს. როგორც ცნობილია, ამ აქციას პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ამჟამად საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და მომავალ ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას.

მოგიწოდებთ, ჩვენი ქვეყნის პატრიოტმა თანამოქალაქეებმა მთელი ქვეყნიდან ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას“.

მმართველი პარტიის ოპონენტები ოპოზიციიდან ამბობენ, რომ ეს კონტრაქცია საზოგადოების გახლეჩას, დაპირისპირებასა და ქაოსის შემოტანას ისახავს მიზნად. მათი თქმით, აქციის მონაწილეთა უმრავლესობა საჯარო სექტორის თანამშრომლები იქნებიან და არა რეალური მხარდამჭერები.

„ბიძინა, ფული და სკამი – ეს არის „ქართული ოცნების“ მთავარი სამება. ყველა ხელისუფლებამ, რომელიც რუსთაველზე თავისი ე.წ. მხარდამჭერებით შეეცადა ლეგიტიმაციას, ძალიან მალე დაასრულა ხელისუფლებაში ყოფნა. ხელისუფლება, რომელიც თავის თავს უტარებს აქციას, დიდხანს ვერ არის ხელისუფლებაში. როგორც ჩანს, “ქართულ ოცნებასაც” დაუდგა ის დრო, როცა იმდენად არ სჯერათ, რომ ხელისუფლებაში არიან, სჭირდებათ ძალით მოყვანილი 50 000 საჯარო მოხელე ქუჩაში. საზოგადოებაში მხარდამჭერი არ ჰყავს ამ კანონპროექტს. დაანებონ თავი ილიას ლოზუნგს. ჩვენ წავალთ სწორედ ილიას გზით ევროპაში, თქვენ მიდიხართ ბიძინას გზით რუსეთში,” – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.

„ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული კონტრაქციის პარალელურად გრძელდება ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგე საზოგადოების აქტიური პროტესტი. ჯერ უცნობია, გაიმართება თუ არა ორი აქცია ორშაბათს, 29 აპრილს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend