მთავარიკულტურაფოტოსურათებით შექმნილი მოძრაობის ილუზია

ფოტოსურათებით შექმნილი მოძრაობის ილუზია

მინიატურული ჯადოსნური სამყარო, სადაც უსულო საგნები ცოცხლდებიან. ეს სოციალური საწარმოს “ფანტასმაგორიას” სტუდიაა, სადაც სტოპმოუშენის ტექნიკით თოჯინებს აცოცხლებენ.

ანა ხოფერიამ „ფანტასმაგორიას“ კურსები წელიწად-ნახევრის წინ გაიარა და ანიმაციის, სამსახიობო, დეკორაციისა და თოჯინების დამზადების ხელობას დაეუფლა. ახლა კი იგი სტუდიის მთავარი ანიმატორია.

„ძალიან დიდი სიამოვნებაა, როდესაც უსულო თოჯინა შენი დახმარებით  შენ თვალწინ  ცოცხლდება და ნამდვილი პერსონაჟი ხდება. ყველა თოჯინა თავისებურია და თავისი ინდივიდუალობა გააჩნია.  ამიტომ ყველას განსხვავებულად უნდა მიუდგე. მაგალითად,  კარკასი ყველას თავისებურად უმუშავებს და ყველას ერთნაირად ვერ აამოძრავებ და გააცოცხლებ“, – ამბობს ანიმატორი ანა ხოფერია.

სტუდია „ფანტასმაგორია“ სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალებს აერთიანებს. ანიმატორების გარდა, სტუდიაში მუშაობენ სცენარისტები, დიზაინერები და მხატვრები. ანას მსგავსად, „ფანტასმაგორიას“ კურსები გაიარა თეატრის მხატვარმა ანა ბედელაძემ. ახლა ის სცენებსა და ესკიზებზე მუშაობს.

„თავიდან საერთოდ არ ვიცოდი, სტოპმოუშენი რა იყო. რომ მოვედი, გავეცანი აქაურობას, დავინტერესდი და მივხვდი, თუ რა კარგი და საინტერესო ყოფილა. ეს ქვაფენილები პატარ-პატარა ნაკუწებად დავჭერით. შემდეგ ბოლოებს ვუთლიდით, რომ ნამდვილს დამსგავსებოდა. ბოლოს შევკარით ეს ყველაფერი და გამოვიდა სოლოლაკის ქუჩა“, – ამბობს მხატვარ-დეკორატორი, ანა ბედელაძე.

სტოპმოუშენი ფოტოსურათებით მოძრაობის შექმნის ტექნიკაა. ერთწამიანი კადრისთვის 24 ფოტოა საჭირო, რომლებიც შემდეგ ერთმანეთზე თანმიმდევრულად ეწყობა და იქმნება მოძრაობის ილუზია.

სოციალური საწარმოს „ფანტასმაგორიას“ მიზანი საქართველოში ამ ტექნიკის აღდგენა და შენარჩუნებაა. როგორც თავად ამბობენ, საქართველოს თოჯინური ანიმაციის დიდი ტრადიცია აქვს.

„როდესაც მე და სოფომ სტუდია დავაფუძნეთ, თავიდანვე ვიცოდით, რომ ჩვენ კარს ვაღებდით გაუკვალავ ტყეში. ვიცოდით, რომ აქ ბევრი დაბრკოლება დაგვხვდებოდა, როგორც ცოდნის, ისე ტექნიკური აღჭურვილობის თვალსაზრისით. შემდეგ ამ გზაზე გამოჩნდნენ CRSDG (საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი) და ევროკავშირი. სწორედ მათი დამსახურებით აქვს თანამედროვე აღჭურვილობა სტუდიას. ჩვენ შევძელით 3-D პრინტერის მეშვეობით დაგვებეჭდა პერსონაჟების სახეები“, – ამბობს თანადამფუძნებელი, ელენე თოფურია.

ტრადიციული ტექნიკის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, „ფანტასმაგორია“ იწყებს ახალ კურსებს სამი მიმართულებით, რომელთა შორისაა ანიმაცია, თოჯინას შექმნა და დეკორაცია.

„ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში მივიღეთ ძალიან დიდი გამოცდილება. ჩვენთვისაც ბევრი რამ იყო უცხო. პირველი შეხება გვქონდა. ახლა კი, ეს ცოდნა, რომელიც ამ ფილმის შედეგად მივიღეთ, არ გვინდა, მხოლოდ ჩვენთვის დავიტოვოთ. გვსურს,  გადავცეთ მომავალ თაობას და იმ ადამიანებს, რომელთაც ამის ინტერესი აქვთ. ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულო ის არის, რომ თბილისის მერიის მხარდაჭერით ეს კურსები იქნება უფასო. კურსის მთავარი მიზანია, აღმოვაჩინოთ ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებსაც ამ სამი მიმართულებით გადავამზადებთ. შემდეგ კი მათგან საუკეთესოებს დავიტოვებთ სტუდიაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდია გაძლიერდეს, დაემატოს უფრო მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა, რომ შევძლოთ და პარალელურად ვაწარმოოთ ფილმები, სერიალები და ასე შემდეგ“,  – ამბობს „ფანტასმაგარიას“ თანადამფუძნებელი სოფო ჭინჭარაული.

სტოპმოუშენის ტექნიკით შექმნილი „ფანტასმაგორიას“ 15-წუთიანი ფილმი „ელენე დარიანი“, რომელზეც თითქმის 2 წლის განმავლობაში მუშაობდნენ, ახლა საერთაშორისო ფესტივალებზე გადის. ფილმის შემქმნელები ამბობენ, რომ ფესტივალები ზრდის შესაძლებლობებს, რათა საქართველოში სტოპმოუშენის ანიმაცია, სირთულეების მიუხედავად, უფრო განვითარდეს.

თორნიკე კოპლატაძე

გიორგი ვარსიმაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend