მთავარისაქართველოვის რაში სჭირდება სადავო კანონის მიღება - პოლიტიკოსთა მოსაზრებები

ვის რაში სჭირდება სადავო კანონის მიღება – პოლიტიკოსთა მოსაზრებები

უწყვეტი საპროტესტო აქციებისა და მწვავე კრიტიკის ფონზე, პარლამენტში კვლავ რჩება კანონპროექტი ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ.

„ქართული ოცნების“ ინიციატივით, მასშტაბური მიუღებლობის მიუხედავად, პარლამენტი უკვე მეორედ გადის გზას, რომელსაც როგორც მმართველი პარტიის ოპონენტები ამბობენ, არა ევროპული, არამედ რუსული მომავლისკენ მიჰყავს ქვეყანა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის, გამოთქმული კრიტიკა, მოსაზრებები და მოწოდებები არ შეიცავს მყარ არგუმენტებს. ამბობენ, რომ ეს კანონი ქვეყანას უსაფრთხოებისთვის სჭირდება.

“ჩვენ ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკას და ნეგატიურ შეფასებებს. მაგრამ არ გვესმის არგუმენტები. ვერავისგან ვერ მოვისმენთ ნათელი არგუმენტი, თუ რატომ არის ასეთი ცუდი ეს კანონი.

არავინ ამბობს მაგალითებით იმას, თუ რატომ არის ეს კანონი არაევროპული. რატომ შეიძლება ამ კანონმა გამოიწვიოს ევროპის გზაზე უკან დახევა.

რატომ უშლის ხელს კეთილსინდისიერ არასამთავრობო ორგანიზაციებს მუშაობაში, თუ ისინი არ საქმიანობენ შავი ფულით და არაფერი აქვთ დასამალი. საერთოდ, გამჭვირვალობა რატომ შეიძლება იყოს პრობლემა.

ამ კითხვებზე მყარი, არგუმენტირებული პასუხები არ გვაქვს არავისგან. ჩვენ კი, ჩვენი პოზიცია და მიზეზები არაერთხელ ავხსენით. ეს ყველაფერი კეთდება უსაფრთხოებისთვის. სათქმელი ნათელია, გამგები გაიგებს. ხოლო ვისაც არ უნდა ის ვერ გაიგებს“, – აცხადებს უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ამ კანონის შემობრუნებითა და მიღებით, ნათელი გახდა „ქართული ოცნების“ მიზანი – ძალაუფლების შენარჩუნების მოტივით, საქართველო ევროატლანტიკურ გზას დააშოროს და საგარეო პოლიტიკური ვექტორი კრემლის მიმართულებით გადახაროს. ამის საწინააღმდეგო მთავარ იარაღად კი მასობრივ პროტესტს მიიჩნევენ.

„ხელისუფლება ხვდება, რომ არჩევნებს აგებს, ამას მდინარაძე საუბრობს ღიად და ამბობს, რომ ოქტომბერში ისინი დამარცხდებიან, თუ ამ კანონს არ მიიღებენ. ეს კანონი რაში სჭირდებათ? სჭირდებათ იმისთვის, რომ არ იყოს არასამთავრობო ორგანიზაციები, არ იყოს განსხვავებული აზრი, იმიტომ, რომ დევნონ ჩვენი დასავლელი პარტნიორები.

მათ კარგად იციან, რომ გაყალბების შემთხვევაში, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცხადია, იტყვიან, რომ ეს არჩევნები არ იყო გამჭვირვალე, შესაბამისად, ამის ეშინიათ. ახლა უნდათ, რომ ჩალით დახურონ ეს ქვეყანა, შემდეგ კანდიდატის სტატუსსაც ცხადია, ევროკავშირი გადახედავს. ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ რუსეთის გუბერნიად აქციოს ეს ქვეყანა, მაგრამ ცხადია, არ გამოუვა.

ხელისუფლება საკუთარ თავს კი არ იზიანებს, ქართველ ხალხს აზიანებს, ქართველი ხალხის მომავალს აზიანებს და მსოფლიოში არ არსებობს, ცივილიზებულ სამყაროში ვერ ნახეს ერთი პარტნიორიც კი – ამერიკელი, ესტონელი, პოლონელი, ლიტველი, ფრანგი, გერმანელი, რომელიც იტყვის, რომ ეს კანონი ნორმალურია, არ არსებობს ასეთი. ამ კანონის მხარდამჭერი ჰყავთ რუსეთში, ეს არის პესკოვი, ეს არის მედვედევი, ეს არის ლავროვი, ეს არის პუტინი და აქ, საქართველოში მდინარაძე, ზარქუა, კობახიძე და ივანიშვილი“, – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

ჯერ უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის მიიღებს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით პარლამენტი.

თუმცა, ცნობილია საბოლოო მიღების თარიღი. ამ კანონის მიღებას „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ, 17 მაისს აპირებს. მანამდე კი მოწინააღმდეგე საზოგადოება საპროტესტო აქციებს აგრძელებს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend