მთავარიმსოფლიოკავკასიარუსი სამხედროები მთიან ყარაბაღს ტოვებენ

რუსი სამხედროები მთიან ყარაბაღს ტოვებენ

რუსი სამხედროები ტოვებენ აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის რეგიონს, სადაც ისინი 2020 წლის ომის დასრულების შემდეგ სამშვიდობოების სახით იყვნენ განწესებულნი.

ჟურნალისტებთან საუბრისას კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა ცნობები რუსული ძალების გაყვანის შესახებ, მაგრამ დამატებითი დეტალები არ განუმარტავს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჰიკმეტ ჰაჯიევმა ასევე დაადასტურა რუსი სამხედროების გაყვანა რეგიონიდან და თქვა, რომ ეს საერთო გადაწყვეტილება იყო. უფრო დეტალურად ამ საკითხზე არც ჰაჯიევს.

2020 წლის ნოემბერში მოსკოვის, ბაქოსა და ერევნის სამმხრივი შეთანხმების მიხედვით რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ მთიან ყარაბაღში. თუმცა ამ რეგიონშიც მათ მშვიდობა ვერ დაამყარეს.

მშვიდობისმყოფელების მოვალეობებში შედიოდა მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის ერთად-ერთი დამაკავშირებელი გზის, ლაჩინის დერეფნის, დაცვა. თუმცა 2022 წლის ბოლოს აზერბაიჯანმა ეს გზა გადაკეტა. აზერბაიჯანი სომხეთს ადანაშაულებდა დერეფნის გამოყენებით მთიან ყარაბაღში იარაღის შეტანაში, ხოლო რუს სამშვიდობოებს უმოქმედობაში.

რუსი სამშვიდობოების მუდმივი ყოფნა რეგიონში საკამათო საკითხი გახდა მას შემდეგ, რაც რეგიონი სრულად დატოვა მთიანი ყარაბაღის სომხურმა მოსახლეობამ.

ერევანი რუს სამშვიდობოებს ადანაშაულებს არასათანადო რეაგირებაში, მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების მიმართ ძალადობის ფაქტებზე.

მოსკოვი თავის მხრივ ადანაშაულებს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, დასავლური ძალების შუამავლობით ჩატარებულ მოლაპარაკებებზე მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარების გამო.

გრიგორი კარასინმა, რუსეთის ფედერალური ასამბლეის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ოთხშაბათს გაიმეორა მოსკოვის პოზიცია, რომ რუსი სამშვიდობოების გაყვანა ყარაბაღიდან გახდა ფაშინიანის გადაწყვეტილების “ლოგიკური შედეგი”.

ბაქო ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა, სადაც რუსი სამშვიდობოები მხოლოდ „დროებით“ იყვნენ განლაგებული.

იმის მიუხედავად, რომ რუსი სამხედროები ტოვებენ აზერბაიჯანის ტერიტორიას, სამხრეთ კავკასიაში რუსული შეიარაღებული ძალები მაინც რჩებიან, როგორც სომხეთში, ასევე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend