მთავარისაქართველოპროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან გრძელდება

პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან გრძელდება

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ამ დრომდე რჩებიან. რუსთაველის გამზირზე დაწყებული მრავალათასიანი აქცია სწორედ კანცელარიასთან გაგრძელდა.

დემონსტრაციისას გახმოვანდა ორი მოთხოვნა. პირველი – მმართველმა პარტიამ დაუყოვნებლივ გაიწვიოს ე.წ. “აგენტების კანონპროექტი” პარლამენტიდან. ამისთვის აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას ერთსაათიანი ვადა მისცეს. მას შემდეგ, რაც ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, დემონსტრანტებმა უკვე მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს. მეორე მოთხოვნა კი იქ გახმოვანდა. აქციის ორგანიზატორებმა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე ოპოზიციონერმა ლიდერებმა საქართველოს პრემიერისგან მოითხოვეს გამოსულიყო კანცელარიის შენობიდან და სადავო კანონპროექტის შესახებ იქ მისულ ათასობით მოქალაქეს გასაუბრებოდა.

აქციაზე რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება. მთავრობის ადმინისტრაციის შენობის ირგვლივ საპოლიციო ძალების ცოცხალი კედელი იყო, დემონსტრანტები პერიოდულად ცდილობდნენ, გაერღვიათ წინაღობა და მაქსიმალურად ახლოს მისულიყვნენ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელთან, სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

შსს-ს ცნობით, კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს. 15 და 16 აპრილს გამართული საპროტესტო აქციებისგან განსხვავებით დღეს, 17 აპრილს, არც პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებზე და არც მთავრობის ადმინისტრაციასთან სპეცდანიშნულების რაზმი არ გამოჩენილა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend