15, 16 და 17 აპრილს ე.წ. „აგენტების კანონპროექტის“ გასაპროტესტებლად გამართული მრავალათასიანი აქციებისას დემონსტრანტები დააკავეს. მათი ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ნაწილი კი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირებისას პოლიციელებიც დაშავდნენ. ერთი მათგანი კი სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სამოქალაქო სექტორი აქტიურად საუბრობს დაკავების დროს პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტებაზე. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სპეციალური განცხადებებიც გააკეთეს და თქვეს, რომ დაკავებულებს სხეულზე დაზიანება აქვთ. ამ პროცესის გაშუქებისას დაშავდნენ ჟურნალისტები.
უფლებადამცველი ორგანიზაციები ახლა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებენ ეფექტური რეაგირებისკენ სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებზე. დღეს, 18 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააკეთეს მორიგი ერთობლივი განცხადება, სადაც წერია, რომ ამ დრომდე უცნობია, თუ რა არის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პოზიცია, დაიწყო თუ არა გამოძიება, ან რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.
People in Georgia are protesting a new bill that threatens their right to freedom of association. Georgian authorities must respect the rights to peaceful assembly and expression. pic.twitter.com/3S3aNoeWh8
— Amnesty International (@amnesty) April 17, 2024
„მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროს კოკა კაციტაძეს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საპოლიციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების დაწყებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ”, – ნათქვამია 10 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ წერილში.
ევრონიუს ჯორჯია დაუკავშირდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა წერილობით მოგვაწოდა ინფორმაცია მიმდინარე გამოძიებების შესახებ. ამ ინფორმაციის მიხედვით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. თუმცა მათ არ დაუკონკრეტებიათ, რამდენ საქმეს იძიებენ ამ დროისთვის, ან რამდენი საჩივარია შესული უწყებაში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური სწავლობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტს. ის აცხადებს, რომ ფიზიკურად სწორედ პოლიციელები გაუსწორდნენ. მას ფიზიკური დაზიანებები აქვს. უწყებას ამ საქმის გამოძიების მოთხოვნით სახალხო დამცველმა მიმართა.
ომბუდსმენმა გასული დღეების განმავლობაში რამდენიმე განცხადება გაავრცელა. ლევან იოსელიანი საუბრობს შეკრების თავისუფლების დარღვევისა და ჟურნალისტებზე ძალადობის შესახებ. სახალხო დამცველის მიერ 17 აპრილს გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევის შემთხვევები.
„16 აპრილის საღამოს საათებში აქციის მიმდინარეობისას ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რა დროსაც სამართალდამცავების მხრიდან მომიტინგეთა არაძალადობრივი მიახლოების შემთხვევაშიც ხდებოდა ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენება. ასევე გამოიკვეთა მშვიდობიან მონაწილეებზე დადევნების შემთხვევები, ტერიტორიის დატოვების იძულების მიზნით. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამგვარი ქმედებები ცალსახად წარმოადგენს შეკრების თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას“, – ნათქვამია ლევან იოსელიანის განცხადებაში.
ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International ეხმიანება გასული დღეების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. პლატფორმა X-ის ოფიციალურ გვერდზე ორგანიზაცია აქვეყნებს განცხადებას, დემონსტრაციის ამსახველ ვიდეოსთან ერთად, სადაც წერია, რომ თბილისში პოლიცია ძალადობრივად ექცეოდა დემონსტრანტებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამართალდამცველები დემონსტრაციისას უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდნენ და მოქალაქეებს უმოწყალოდ სცემდნენ. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ დემონსტრანტები აპროტესტებდნენ კანონს, რომელიც რუსეთის „უაღრესად რეპრესიული, უცხოური აგენტების კანონმდებლობის მიხედვით არის შექმნილი“. Amnesty International მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის უფლებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციის პირველ დღეს, 15 აპრილს, მათ 14 პირი დააკავეს, რომელთაგან 4 ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, 10 კი დროებითი მოთავსების იზოლატორში დარჩა. უწყების ცნობით, 16 აპრილს 11 პირი დააკავეს, 17 აპრილს – 2.
კანონმდებლობის მიხედვით, დროებითი მოთავსების იზოლატორში დაყოვნების მაქსიმალური ვადა 48 საათია, რის შემდეგაც სასამართლო სხდომები უნდა გაიმართოს.
ნანუკა მეშველაშვილი