მთავარისაქართველომმართველი გუნდი კანონპროექტის მეორე მოსმენას გეგმავს, ოპოზიცია - პროტესტს

მმართველი გუნდი კანონპროექტის მეორე მოსმენას გეგმავს, ოპოზიცია – პროტესტს

რამდენიმედღიანი მრავალათასიანი პროტესტის ფონზე პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს ე.წ. „გამჭვირვალობის შესახებ“ კვლავ აქტიურად განიხილავენ. პოლიტიკოსებმა პოლიტიკური ვექტორის ორივე მხარეს მასშტაბური საპროტესტო აქციებიდან განსხვავებული დასკვნა გამოიტანეს. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დემონსტრაციებიდან ამოიკითხეს, რომ ამ აქციების მიუხედავად საზოგადოების დიდი ნაწილი მათ კანონპროექტს უჭერს მხარს, ხოლო პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეების უმრავლესობა გაუმჭვირვალე არასამთავრობო სექტორისა და მათ ფრთებქვეშ ამოფარებული რადიკალური ოპოზიციის მიერ შეცდომაშია შეყვანილი. მმართველი პარტია უარს არ ამბობს საყოველთაოდ სადავო კანონპროექტზე და მის მიღებას აპირებს.

„ამ დღეებმაც დაგვანახა საჭიროება ამ კანონის და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ. ზუსტად ამ აქციებმა დაგვანახა ამ კანონპროექტის მიმართ ხალხის მხარდაჭერა. ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი ამ კანონზე მსჯელობას გააგრძელებს.

ჩვენ უპირატესად არ ვმოქმედებთ სხვების მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ უპირატესად ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე.

ეს არის ავტორიტეტებით საუბარი და არა არგუმენტებით. ჩვენ რომ მხოლოდ ავტორიტეტებს დავყრდნობოდით, მაშინ უნდა დაგვეწესებინა სანქციები, რაც კატასტროფა იქნებოდა ქართველი ხალხისთვის, მიხეილ სააკაშვილი უნდა გაგვეთავისუფლებინა, აქეთკენ გვიბიძგებდნენ იგივე ავტორიტეტები. ეს იქნებოდა კატასტროფა ხალხისთვის და ბევრი სხვა, რისკენაც გვიბიძგებდნენ იგივე ავტორიტეტები პირდაპირ, ირიბად, ღიად, დახურულ კარს მიღმა და ა.შ. ჩვენ მივყვებოდით და მივყვებით არა იმას, რას ამბობენ ავტორიტეტები, არამედ იმას, რა არის სწორი ქართველი ხალხისთვის საღი, გონივრული განსჯის შედეგად“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მმართველი პარტია არ გამოხატავს საზოგადოების ინტერესებს და ცალსახად რუსული მმართველობისთვის დამახასიათებელი კანონის მიღებას აპირებს. ეს კი, მათი განცხადებით, თვითლუსტრაცია და პოლიტიკური თვითლიკვიდაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, რაც არჩევნებზე შესაბამისი შედეგით დაგვირგვინდება.

“ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლების დღევანდელმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ რეალობას საერთოდ მოწყვეტილი არიან. ისინი თითქოს არ იმჩნევენ და ვერ ხედავენ ქუჩაში გამოსულ 100 000-ამდე ადამიანს. თითქოს, არ იმჩნევენ და ვერ ხედავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უმკაცრეს განცხადებებს მათ წინააღმდეგ. ამ ყველაფერს არათუ არ იმჩნევენ, არამედ, თითქოს გახარებულებიც არიან. მესმის მათი სიხარულის მიზეზი, ამ მასშტაბის ღალატი ჩაიდინეს, 100 000 ადამიანი გამოვიდა გარეთ, გათენდა და ისევ ხელისუფლებაში არიან, მაგრამ მინდა თითოეული მათგანი დავარწმუნო, ეს ყველაფერი დროებითია და ასე დიდხანს არ გაგრძელდება. ქართველ ხალხთან, მის ნებასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია. პროტესტი იქნება ისეთი და იმ დროს, როგორსაც ქართველი ხალხი და არა ივანიშვილი და ხელისუფლება გადაწყვეტს. პოლიტიკის მარტივი ფორმულაა, საქართველოს არჩევანი ევროპაა და ვინც ამ გზაზე მას გადაეღობება, ის პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება”, – განაცხადა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.

სანამ საქართველოში პოლიტიკოსებს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად საპროტესტო აქციებიდან დასკვნები გამოაქვთ, აქტიური განცხადებები ისმის კრემლიდან. ე.წ. მეტი “გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ერთადერთი გულმხურვალე საგარეო მხარდამჭერი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი „ტელეგრამ“ არხზე წერს: „ნებისმიერი ქვეყანა, თუ მას სურს გახდეს სუვერენული სახელმწიფო, სადაც ხალხს აქვს უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი მომავალი, ვალდებულია, მიიღოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ აიკრძალოს გარე ჩარევა შიდა საქმეებში. ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან კანონის მიღებას, ცალსახად სხვა სახელმწიფოს ინტერესებიდან და არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ“.

პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი ახლა მეორე კენჭისყრისთვის ემზადება. მანამდე კი პოლიტიკური, საზოგადოებრივი და საგარეო დისკუსიები გრძელდება.

ექვსი ოპოზიციური პარტია კი ავრცელებს განცხადებას, სადაც წერია, რომ გეგმავენ „სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის, რათა ჩვენს ხალხთან ერთად გავაკეთოთ ყველაფერი რუსული კანონის ჩასაგდებად“.

„ახალი“, „გირჩი მეტი-თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ აცხადებენ, რომ “მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა”.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend