უკვე მესამე დღეა, საქართველოს პარლამენტის წინ მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. 17 აპრილს მრავალათასიანი დემონსტრაცია რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინ, დაიწყო.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამომსვლელებმა საქართველოს მთავრობას წაუყენეს მოთხოვნა – უკან გაეწვია ე.წ. აგენტების კანონპროექტი. მათ ხელისუფლებას ერთსაათიანი ვადა მისცეს. ვადის ამოწურვის შემდეგ კი დემონსტრანტების ნაწილმა, კანცელარიის შენობასთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები კანცელარიასთან პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის უკან გაწვევის გარდა, აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ.
კანცელარიასთან იყო ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს, მათ შორის პოლიტიკოსებს შორის. დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა. სამართალდამცველებმა დეპუტატი ავტომანქანით გაიყვანეს. მოგვიანებით სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განცხადება გაავრცელა, რომ პარლამენტარი გათავისუფლებული იყო და თავს ნორმალურად გრძნობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების დროს 2 დემონსტრანტი დააკავეს.
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია საღამოს შვიდ საათზე მშვიდობიანად დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ქუჩებზე, განსხვავებით წინა დღეებისგან, საპოლიციო დანაყოფები და სპეციალური დანიშნულების რაზმი მობილიზებული არ იყო. სამართალდამცავები მხოლოდ პარლამენტის შიდა ეზოში იყვნენ.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ და აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ „ქართული ოცნება“ ე.წ. რუსულ კანონს უკან არ გაიწვევს.
ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონპროექტს „ქართული ოცნების" 73-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 9 მომხრე იყო „ხალხის ძალიდან“, 1 კი – „ევროპელი სოციალისტებიდან“.
თემაზე ვრცლად: https://t.co/K7ZkAFx6yG
ფოტო: საქართველოს პარლამენტი pic.twitter.com/zC6epOo2Va
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) April 17, 2024
თორნიკე კოპლატაძე