მთავარიკუბი“იმედგაცრუებულნი ვართ” - საქართველოს პარტნიორები კანონპროექტის შესახებ

“იმედგაცრუებულნი ვართ” – საქართველოს პარტნიორები კანონპროექტის შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის განცხადებით, ამერიკა უერთდება ევროპელ მოკავშირეებს მოწოდებაში, რომ საქართველომ არ მიიღოს კანონი და აღნიშნავს, რომ თუ მიზანი გამჭვირვალობის გაზრდაა, კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა შეუსაბამოა.

“ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, წინ წაწიოს კრემლის მიერ შთაგონებული “უცხოური გავლენის” კანონმდებლობა”, – ამბობს მეთიუ მილერი.

მეთიუ მილერი ასევე ამბობს, რომ საქართველოს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელიც მის მოქალაქეებს ემსახურება და საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებაზე მუშაობს. ამ კანონმდებლობას კი შეუძლია გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს და ორგანიზაციების სტიგმატიზაცია მოახდინოს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხმაურება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანკე ბრუინს სლოტი. ის ამბობს, რომ ეს კანონპროექტი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

ევროპარლამენტარები დევიდ მაკალისტერი, სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი ავრცელებენ კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას, სადაც წერია, რომ კანონი, რომელიც გუშინ პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებზე თავდასხმას წარმოადგენს.

მათივე თქმით, ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან შეუთავსებელია, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს ეწინააღმდეგება და ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხეს უქმნის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend