შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 აპრილს საქართველოს პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დემონსტრანტები სამართალდამცველებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და მათ ქვები და ბოთლები ესროლეს.
„აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც გადაყვანილია “კავკასიის მედიცინის ცენტრში”. ასევე დაზიანებულია სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი. ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სპეციალური საშუალება ე.წ. წიწაკის სპრეი“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-ში აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციაზე თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.