უკვე ორი დღეა, საქართველოს პარლამენტის წინ მასშტაბური აქციები იმართება. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოსახლეობა აპროტესტებს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”.
გვიან ღამით სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მოხდა დაპირისპირება, არიან დაშავებულები. სამართალდამცველებმა 11 აქტივისტი დააკავეს.
დაპირისპირების შემდეგ საქართველოში მოქმედმა ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება.
თბილისი, საქართველო – 15 აპრილი, 2024 წელი pic.twitter.com/nuLWaEFGQL
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) April 16, 2024
საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პლენარული სხდომის პარალელურად დაიწყო. პარლამენტი კანონპროექტს დღის 12 საათიდან საღამოს 9 საათამდე განიხილავდა.
საღამოს 7 საათზე მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ. ისინი ქვეყნის მთავარ გამზირზე საქართველოს პარლამენტში დაბრუნებული კანონპროექტის გასაპროტესტებლად მივიდნენ.
„ქართული ბედნიერება მხოლოდ ევროპაშია შესაძლებელი. თუ ეს არ მოხდება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავკარგავთ ეროვნულობას, ქართველობას და ასევე დავკარგავთ ახალგაზრდებსაც. ეს მადარდებს მე. ახალგაზრდების გამო ვარ აქ მოსული. ხედავთ რამდენი ახალგაზრდაა მოსული. აქ თაობებს შორის თითქმის აღარ არის ზღვარი. ეს არის დიდი ბედნიერება. საქართველო აერთიანებს“, – ამბობს აქციაზე მისული მხატვარი გია ბუღაძე.
სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის შენობა სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ მოწყობილი დერეფნის მეშვეობით დატოვეს. საქართველოს პარლამენტის შესასვლელებსა და ეზოში სპეციალური დანიშნულების რაზმი, საპატრულო პოლიცია და წყლის ჭავლის მანქანა იყო მობილიზებული. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, ახლოს მისულიყვნენ პარლამენტის გასასვლელთან. ისინი უმრავლესობის დეპუტატებს შეძახილებითა და სტვენით დახვდნენ.
აქციის ორგანიზატორების მოწოდებით, დემონსტრანტები პარლამენტის შენობისთვის წრის შემოვლებას აპირებდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს, სპეცრაზმელებსა და დემონსტრანტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.
სამართალდამცავებმა მომიტინგეების მიმართულებით ე.წ. წიწაკის „სპრეი“ გამოიყენეს, რის შედეგადაც დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე. მათ პირველადი სამედიცინო დახმარება პარლამენტის შენობასთან მობილიზებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გაუწიეს.
მოქალაქეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მივიდნენ, აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას.
👉 https://t.co/M6YEm1sgH5 pic.twitter.com/JoIJzX6tdu
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) April 16, 2024
დღის განმავლობაში კი საპროტესტო აქცია პარლამენტის უკანა მხარეს მიმდინარეობდა. პარლამენტის შესასვლელთან 12:00 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები, ასევე ონლაინ და ბეჭდური მედიის ის ჟურნალისტები, რომლებიც, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შენობაში არც პლენარულ სხდომაზე დასასწრებად შეუშვეს.
„ჩვენი მოვალეობაა საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს აუდიტორიას, მოქალაქეებს გავაგებინოთ სიმართლე და დავსვათ მათი კითხვები. ჩვენ ამას ვაპროტესტებთ. როდესაც რუსულ კანონს მიიღებენ და დარწმუნებული ვარ ასე არ მოხდება, მოქმედებას დაიწყებს სწორედ ასეთი პირობები“, – ამბობს ზურა ვარდიაშვილი, „პუბლიკის“ თანადამფუძნებელი.
საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” განხილვა დღეს გაგრძელდება. პარალელურად კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.