მთავარისაქართველოპრემიერ-მინისტრმა ე.წ. „აგენტების კანონპროექტის" შესახებ მედიის კითხვებს უპასუხა

პრემიერ-მინისტრმა ე.წ. „აგენტების კანონპროექტის” შესახებ მედიის კითხვებს უპასუხა

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში მედიის კითხვებს უპასუხა. პრემიერ-მინისტრმა დღევანდელი პრესკონფერენციისას თქვა, რომ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციები რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის ერთ-ერთ უმთავრესი წყაროა.

„არასამთავრობო ორგანიზაციებს რომ გამოსვლოდათ რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლა, საქართველო იქნებოდა უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში. ეს ნიშნავს, რომ უკან მოგვრჩებოდა როგორც მშვიდობა, ისე ევროინტეგრაცია. მადლობა ღმერთს, მათი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველ რიგში საქართველოს „უკრაინიზაციისგან“ დაცვას, ანუ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს სადავო კანონპროექტზე. მან თქვა, რომ ეს განცხადებები ხელისუფლების გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი ვერ გახდება.

„რაც შეეხება ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს. სამწუხაროა, რომ არცერთ განცხადებაში არ იყო მოყვანილი არგუმენტები. თქვენ ნახეთ ეს განცხადებები, მაგალითად, სტოლტენბერგისა და შოლცის. ნული არგუმენტი. შეგვიძლია ერთად გავარჩიოთ ტექსტები. გეუბნებიან, რომ კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, თუმცა არგუმენტები არ არის. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, უარგუმენტო განცხადებები ვერ გახდება ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა მედიასთან.

ირაკლი კობახიძემ დღევანდელ კონფერენციაზე შეაფასა სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ე.წ. „აგენტების კანონპროექტის” შესახებ. პრემიერი ამბობს, რომ პრეზიდენტია ქვეყანაში უცხოური გავლენის აგენტი.

„სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი. ერთადერთი, ვისი ხმაც სალომე ზურაბიშვილია, არის შესაბამისი უცხოური ძალა – გლობალური ომის პარტია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend