მესამე დღეა, საქართველოს პარლამენტთან მრავალათასიანი საპროტესტო აქცია იმართება გზავნილით “არა რუსულ კანონს”. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები აპროტესტებენ ე.წ. “აგენტების კანონპროექტის” პირველი მოსმენით მიღებას. აქციაზე სიტყვით გამომსვლელებმა მთავარი მოთხოვნა გაახმოვანეს და მათ ხელისუფლებას ერთსაათიანი ვადა მისცეს კანონპროექტის უკან გასაწვევად.
აქციის მონაწილეები, ასევე იქ მყოფი ოპოზიციონერი ლიდერები ჯერჯერობით არ საუბრობენ, როგორია მათი გეგმა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მომდევნო ერთი საათის განმავლობაში საპროტესტო აქციაზე გახმოვანებულ მოთხოვნას არ შეასრულებს. მმართველი პარტიიდან ჯერჯერობით ამ საკითხს არავინ გამოხმაურებია.
საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ქუჩებზე გასული ორი დღისგან განსხვავებით საპოლიციო დანაყოფები და სპეციალური დანიშნულების რაზმი მობილიზებული არ არის, თუმცა სამართალდამცავთა მობილიზებაა პარლამენტის შიდა ეზოში.
რუსთაველის გამზირზე სპეციალურად მოწყობილ სცენაზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ. ისინი ამბობენ, რომ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი საქართველოს ევროინტეგრაციას უქმნის საფრთხეს.