მთავარისაქართველო„ეს ვლადიმერ პუტინის მიერ 2012 წელს მიღებული კანონის სრული ასლია“ - სალომე...

„ეს ვლადიმერ პუტინის მიერ 2012 წელს მიღებული კანონის სრული ასლია“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 17 აპრილს, BBC-ისთან ინტერვიუში თქვა, რომ თუკი პარლამენტი 3 მოსმენით მიიღებს ე.წ. „აგენტების“ კანონს, ის ამ კანონს ვეტოს დაადებს. სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუს დროს ისიც თქვა, რომ ამ უფლებას გამოიყენებს ნებისმიერი სხვა კანონპროექტისა და სტრატეგიის წინააღმდეგ, რომელიც სახელმწიფოს ევროპული ინტეგრაციის ხელშეშლას ისახავს მიზნად. პრეზიდენტმა დღეს დასვა კითხვა – ვინ მიიღო გადაწყვეტილება ამ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებასთან დაკავშირებით.

„ყველაფერი ისედაც გამჭვირვალეა, ამ საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი ძალიან მკაცრად კონტროლდება, ყველას შეუძლია ამ ინფორმაციის მოპოვება. გამჭვირვალეობა საჭიროა მმართველ პარტიაში არსებული კორუფციის ფონზე, ხელისუფლების მიერ ჩვენი პარტნიორებისთვის მიუღებელი კანონპროექტის ხელახლა ინიციირება საქართველოს ევროპული მომავლისთვის საზიანოა. ვინ მიიღო გადაწყვეტილება ამ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებასთან დაკავშირებით, შემთხვევით ეს საქართველოს საზღვრებს მიღმა, მაგალითად, მოსკოვში ხომ არ მოაფიქრდათ? სწორედ ამ საკითხებით არის დაინტერესებული საზოგადოება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ სადავო კანონპროექტი ვლადიმერ პუტინის მიერ 2012 წელს მიღებული კანონის სრული ასლია. მისივე თქმით, საქართველოში ეს კანონი მიმართულია არასამთავრობო სექტორისა და მედიის წინააღმდეგ.

„ეს გახლავთ ჩვენს სახელმწიფოში საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ მომართული კანონი, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატების, ან გნებავთ გაერთიანებული სამეფოდან დაფინანსებული ორგანიზაციების წინააღმდეგ მოფიქრებული კანონი. სწორედ ეს ორგანიზაციები იყვნენ ჩართულნი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში, ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში ბოლო 30 წლის განმავლობაში. ეს ქვეყანაში დიდი შეშფოთების მიზეზია. გასულ წელს მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე ხელისუფლება იძულებული გახდა უკან გაეწვია ეს კანონპროექტი, ამ საკანონმდებლო პროცესის ხელახლა წამოწევა კი პროვოკაციაა“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend