მთავარისაქართველო“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა

15 აპრილს, საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავდა.

პარალელურად,  პარლამენტის წინ მიმდინარეობდა მასშტაბური საპროტესტო აქცია, სახელწოდებით – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“.

აქციის მთავარი მოთხოვნა იყო, რომ „ქართულ ოცნებას“ კანონპროექტი უკან გაეწვია. რუსთაველის გამზირზე მივიდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აქტივისტები, სტუდენტები და პოლიტიკოსები.

პარლამენტის წინ შეკრებილ ათასობით დემონსტრანტსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე იყო მცირე დაპირისპირება, რის შედეგად დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი.

აქციაზე მისულ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა.

მათი განცხადებით ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონპროექტის განხილვის ხელახლა დაწყებით ხელისუფლებამ ერთი წლის წინ დადებული პირობა დაარღვია. „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ 1 წლის წინ  გაიწვია სადავო კანონპროექტი მასშტაბური პროტესტის ფონზე.

„სამწუხაროდ, ისევ მოგვიწია შეკრება იმიტომ, რომ ეს არის კანონი, რომლის მერეც პროგრესირდება ავტოკრატია ყველა იმ ქვეყანაში, რომელმაც ასეთი კანონი მიიღო. სულ ტყუილად ადარებენ მას ევროპულ და ამერიკულ კანონს. ეს არის რუსული კანონი, რომელიც ზღუდავს ადამიანის ინდივიდუალიზმსა და თავისუფლებას. ჩვენ ამას ნამდვილად არ დავუშვებთ“, – ამბობს სცენარისტი ქეთი დევდარიანი.

მოსახლეობის ნაწილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დაწყებისთანავე შეიკრიბა.  პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიმდინარე აქციას დღის განმავლობაში შეუერთდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები და პოლიტიკოსები.

„მინდა, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკოსებმა დაამთავრონ ხალხის შეურაცხყოფა და გადაგდება. ეს არის ჩემი მთავარი მოთხოვნა,“ – ამბობს აქციაზე მისული მსახიობი, კახა კინწურაშვილი.

კინორეჟისორს სალომე ჯაშს მიაჩნია, რომ კანონპროექტი ადამიანებს აზრის გამოხატვის თავისუფლებას ართმევს.

„ამ კანონის მიხედვით, ყველა ორგანიზაცია, რომელიც რაღაც დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებს, უნდა დარეგისტრირდეს, როგორც უცხოური ძალის ინტერესის გამტარებელი. ეს ჩვენ გვართმევს უფლებას, რომ ჩვენი საკუთარი ინტერესი გვქონდეს… გვაქვს ჩვენი ინტერესი, მაგრამ გვეუბნება, რომ ეს თქვენი ინტერესი არ არის, ეს ვიღაცა უცხო ძალის ინტერესია,“ – ამბობს სალომე ჯაში.

აქციას ის ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ, რომელთაც  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის სრულფასოვნად გაშუქების შესაძლებლობა არ მიეცათ. მუდმივი აკრედიტაციის მიუხედავად, ონლაინმედიისა და პრესის წარმომადგენლები პარლამენტში არ დაუშვეს.

„საქართველოში ყველა ჟურნალისტი შეურაცხყოფილია. ასეთი რამე პარლამენტარიზმის ისტორიას არ ახსოვს. მსგავსი გადაწყვეტილება არცერთ პარლამენტის თავმჯდომარეს არ მიუღია, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს არის მშიშარა პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება. მას ეშინია ჩვენი დასმული კითხვების. A4 ფორმატის პლაკატების გაშლას ეძახიან რადიკალურ აქტივიზმს. ეს ხდება რუსეთში. ამიტომ არის ეს კანონი რუსული“, – ამბობს ჟურნალისტი, ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი.

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე ღამის პირველი საათისთვის დასრულდა. თუმცა ორგანიზატორების განცხადებით, აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ „ქართული ოცნება“ კანონპროექტს უკან არ გაიწვევს.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend