მთავარისაქართველო“უცხოური გავლენის" შესახებ კანონპროექტის განხილვა აქციის პარალელურად მიმდინარეობდა

“უცხოური გავლენის” შესახებ კანონპროექტის განხილვა აქციის პარალელურად მიმდინარეობდა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტთან დღეს დილიდანაც მივიდნენ. სწორედ დღეს, 16 აპრილს, სადავო კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოში პირველი მოსმენით განიხილავდნენ. პარლამენტის შესასვლელთან 12:00 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები, ონლაინ და ბეჭდური მედიის ის ჟურნალისტები, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შენობაში არც დღეს შეუშვეს ე.წ. აგენტების კანონის განხილვის გასაშუქებლად. ჟურნალისტებმა თქვეს, რომ ეს გადაწყვეტილება თავისუფალ მედიასთან ბრძოლაა.

„ჩვენი მოვალეობაა საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს აუდიტორიას, მოქალაქეებს გავაგებინოთ სიმართლე და დავსვათ მათი კითხვები. ჩვენ ამას ვაპროტესტებთ. როდესაც რუსულ კანონს მიიღებენ და დარწმუნებული ვარ ასე არ მოხდება, მოქმედებას დაიწყებს სწორედ ასეთი პირობები“, – ამბობს ზურა ვარდიაშვილი, „პუბლიკის“ თანადამფუძნებელი.

„ქართულ ოცნებას“ რუსული განზრახვა ჯერ სისრულეში არ მოუყვანია, კანონი არ მიუღიათ. მხოლოდ პირველი მოსმენაა დღეს პლენარულ სხდომაზე და უკვე ორი დღეა დამოუკიდებელი ონლაინმედიის ჟურნალისტებს გვბლოკავენ. პარლამენტის შენობაში პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად არ გვიშვებენ. ეს არის ძალიან ცხადი და ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ეშინია მედიის ამ ჯგუფების ხელისუფლებას და როგორ ზღუდავენ ჩვენს უფლებებს. დარწმუნებული ვარ, რუსული კანონის მიღება რომ მოახერხონ, ბევრად მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდებით ჩვენც და მთელი ქვეყანაც. ზუსტად ვიცი, გუშინ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხის შემართებამ და რაოდენობამ დამარწმუნა, რომ “ქართული ოცნება” რუსული დავალების შესრულებას ვერ შეძლებს“ – ამბობს გელა მთივლიშვილი, ჟურნალისტი.

„წინსწრებით იმას აკეთებენ, რასაც კანონის მიღების შემთხვევაში კანონის ძალით აპირებენ. ამ კანონს ვერ მიიღებენ. მიზანი არა გამჭვირვალობა, არამედ კრიტიკული ხმების ჩახშობაა. იმ კრიტიკული ხმების ჩახშობა, რომელიც ონლაინმედიიდან ისმის. ამას ემსახურება ჩვენი არ შეშვებაც“, – ამბობს ნინო ბაიდაური, „ნეტგაზეთის” წარმომადგენელი.

პარლამენტთან დღეს სტუდენტებიც მივიდნენ. მათ თქვეს, რომ ამ კანონის მიღება ქვეყნის ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს. ახალგაზრდები ამბობენ, რომ ამ კანონპროექტის მიღება მათ მომავალს დააზიანებს.

„ჩვენ გვინდა, რომ უკეთესად ვიცხოვროთ. ამის პერსპექტივას ევროპაში ვხედავთ და არა რუსეთში. როდესაც ვიღაც, თუნდაც, ხელისუფლება ქვეყნის მომავალს რუსეთში ხედავს, არ გვაქვს უფლება, რომ არ დავუპირისპირდეთ. ამიტომ, თუ ვინმეს აქვს შესაძლებლობა, რომ ახლა, ან საღამოს გამოვიდეს, ეს კანონი ნებისმიერი ფორმით უნდა გააპროტესტოს“, – ამბობს საბა მახარაძე, აქციის მონაწილე.

„აქციაზე გუშინაც ვიყავი, როგორც დილით, ისე საღამოს. ვფიქრობ, რომ ეს კანონი საქართველოს დემოკრატიულ მომავალს ძირს გამოუთხრის და ხელს შეუშლის ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მუშაობას, რომლებიც რეალურად ჩვენი ქვეყნისთვის კარგ საქმეს აკეთებენ. გამოვედი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გავაპროტესტო“, – ამბობს გურამ მალიაძე, აქციის მონაწილე.

„ჩვენი მთავარი სათქმელი ისაა, რომ ჩვენი მიზანი ევროპული მომავალია. ჩვენ არ გვინდა, რომ მთავრობას რუსული მომავლისკენ მივყავდეთ. რატომ უნდა გვინდოდეს იმისკენ წასვლა, რაც ყველანაირად ეწინააღმდეგება ჩვენს არსებობასა და ღირებულებებს“, – ამბობს ლუკა ზუხბაია, აქციის მონაწილე.

პარლამენტთან მისული მოქალაქეები ამბობდნენ, რომ მათი პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს უკან არ გაიწვევს.

„რა თქმა უნდა, ვაპროტესტებ რუსულ კანონს. ვფიქრობ, რომ ეს საქართველოს დაღუპავს და არ უნდა დავუშვათ. ვისაც ჩემსავით მხოლოდ ერთი-ორი საათით შეუძლია აქ ყოფნა ჯანმრთელობის გამო, აუცილებლად ყველანი უნდა გამოვიდეთ და გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი. არ შეიძლება ხალხის ასეთ დიდ ნაწილს არ უნდოდეს ეს და ხელისუფლება მათ არ უსმენდეს. მე მაინც მაქვს იმედი, რომ გონს მოვლენ და ამ კანონს უკან გაიწვევენ“, – ამბობს მაია ნინიძე, აქციის მონაწილე.

„გუშინაც ვიყავი აქციაზე და დღესაც აქ ვარ. საქართველოში ამ კანონის მიღება არ შეიძლება. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციასა და საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებს“, – ამბობს მარი ჯაფარიძე, აქციის მონაწილე.

საპროტესტო აქცია საღამოსაც გრძელდება. მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 19:00 საათიდან კვლავ შეიკრიბნენ უცვლელი გზავნილით „არა რუსულ კანონს“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend