საკანონმდებლო ორგანოში გრძელდება ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შემდეგ, დღეს, 16 აპრილს, განხილვა უკვე პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე მიმდინარეობს.
საკომიტეტო მოსმენის მსგავსად სადავო კანონპროექტზე მსჯელობა დღესაც მწვავე კამათის ფონზე გრძელდება. მმართველი პარტიის დეპუტატები კვლავ ამტკიცებენ, რომ კანონი სამოქალაქო სექტორის ფინანსური გამჭვირვალობისთვის მნიშვნელოვანია. მათი თქმით, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, როგორ ხარჯავენ არასამთავრობო ორგანიზაციები დონორების მიერ გაწეულ ფინანსურ დახმარებას. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორი ქვეყანაში პროპაგანდასა და რადიკალიზაციას ახალისებს.
ოპოზიცია მმართველი პარტიის მოსაზრებებს კვლავ უპირისპირებს საკუთარ არგუმენტებს. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები დღესაც აკეთებენ ვრცელ განცხადებებს იმის შესახებ, რომ ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონპროექტი რუსულია და ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ მოუწოდეს, გაითვალისწინონ საერთაშორისო პარტნიორების, ასევე დიპლომატების მოწოდებები სადავო კანონპროექტზე და ის პარლამენტიდან კვლავ გაიწვიონ.