მთავარისაქართველოქვაფენილიანი თბილისი

ქვაფენილიანი თბილისი

ადრე, როდესაც ძველ თბილისში კონკებითა და ეტლებით გადაადგილდებოდნენ, ქუჩებს ქვაფენილებით მოკირწყლავდნენ ხოლმე. ასე ქალაქს მტვირსა და ტალახისაგან იცავდნენ და ტრანსპორტისთვის აღმართზე ასვლაც მარტივი იყო. ისეთ ქუჩებზე, რომლებიც ვიწროა და სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დგას, დღესაც ვხვდებით მოკირწყლულ გზის საფარს.

თუმცა როგორც ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტი, გელა კვაშილავა ამბობს,  სატრანსპორტო საშუალებებისა და საგზაო-სამშენებლო მასალების განვითარებასთან ერთად, ავტომობილებით დატვირთულ, განიერ ქუჩებზე ქვაფენილის გამოყენება საჭიროა აღარაა.

„ზოგადად, ქვაფენილები ქალაქის ისტორიულ უბნებში გამოიყენება. სადაც ვიწრო ქუჩებია და ძირითადად ფეხით დადიან… თუ კონკრეტულად რომელიმე ისტორიულ უბანზე ვსაუბრობთ, იქ დასაშვებია. მაგრამ განიერ ქუჩაზე, სადაც დიდი მოძრაობაა, და არის შესაძლებლობა თანამედროვე დაგეგმარებით მოხდეს ქუჩის მოწყობა, სტანდარტების მიხედვით, აღარ იყენებენ… წყლის სისტემის მოწყობას რაც შეეხება, ისე დაიხვეწა ტექნოლოგია, ეს არ არის პრობლემა უკვე დღეს. წყლის სისტემა შეიძლება პრობლემა ყოფილიყო 40-50 წლის წინ, მაგრამ დღეს ეს პრობლემა უკვე გადაწყვეტილია“, – ამბობს გელა კვაშილავა, ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტი.

„იმის დიფერენცირება საჭიროა, რომ საავტომობილო გზა გავყოთ საქვეითო გზისგან. საავტომობილო გზაზე ქვაფენილის არსებობა აღარაა საჭირო. დღეს ასფალტის სახეობები იმდენად მრავალფეროვანია – ზოგს მოჭიდება აქვს მეტი, ზოგს ნაკლები, რომ ის გაცილებით უხმოა, ვიდრე ქვაფენილი. ამიტომ ყოველთვის ავტომობილების სავალ ნაწილზე სჯობს ასფალტის დაგება“, – თქვა ქალაქმგეგმარებელმა, ზურაბ ბაქრაძემ.

რას ამბობენ მოქალაქეები:

კომფორტული საერთოდ არ არის. პირიქით, ძალიან დიდ დისკომფორტს განვიცდით. მაგრამ როგორც ვიცი, რაღაც საჭიროება აქვს. უბრალოდ ბევრ ადგილას გაფუჭებულია და უნდა მიხედონ. ავტობუსითაც ხშირად ვმგზავრობ და დიდი დისკომფორტია ჩემთვის. (გიორგი შიოლაშვილი)

თბილისში არის ისეთი ქვაფენილები, რომლებზე ასვლა-ჩამოსვლა დიდი პრობლემაა. ინჯღრევა მანქანაც, შენც და მგზავრიც. (მირიან კოვზირიძე)

რაც შეიძლება მალე აყარონ ეს ქვაფენილები. დაანგრია მანქანები. მოსაშორებელია… (არჩილ მაისურაძე)

ვფიქრობ, რომ ქვაფენილზე ავტობუსით სიარული ძალიან არაკომფორტულია. მაგრამ ასევე მგონია, რომ ძალიან უხდება ძველ თბილისს და მის ესთეტიკას (გვანცა პავლიაშვილი)

თბილისის საკრებულოში ამბობენ, რომ ქალაქის ისეთ ქუჩებზე, რომლებსაც დახრის კუთხე მკვეთრი აქვთ, აუცილებელია ქვაფენილით მოკირწყლული ზედაპირების არსებობა.

„მოგეხსენებათ თბილისის მდებარეობა, რამდენად აღმართ-დაღმართიანი ქალაქია. შესაბამისად, ქვაფენილი ამ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. იმიტომ, რომ ქვაფენილი ატარებს წყალს. დიდი ნალექის დროს, რომელიც თბილისში ბოლო პერიოდში უხვადაა და ასფალტი რომ იყოს, წყალი ერთ ადგილას დაგუბდებოდა. საბურავებისთვის მოჭიდებაც კარგი აქვს, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში. და რაც მთავარია, ქვაფენილები თბილისისთვის ავთენტურია“, – ამბობს ნიკოლოზ კახეთელიძე საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე.

ქალაქის ძველი იერსახის შენარჩუნებისთვის ხშირად ქვაფენილით მოკირწყლულ გზის საფარს ხელუხლებელს ტოვებენ. განსაკუთრებით ისეთ ქუჩებზე, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დგას. ითვლება, რომ ქვაფენილი ქუჩას სიძველის იერსახეს უნარჩუნებს.

„სიძველე კარგია და ემსახურება ქალაქის მეხსიერებას და მისი ერთი ხელის მოსმით გადადგება არ შეიძლება… ქუჩების საქვეითო ნაწილებზე, ტროტუარებზე შეიძლება დარჩეს ქვაფენილები და ზოგ ადგილას ეს კარგიც არის. ხოლო საავტომობილო სავალ ნაწილებზე ასფალტი დაიგოს. ეს იქნება გონივრული დაფიქრების შედეგი“, – ამბობს ზურაბ ბაქრაძე.

ქვაფენილი – ძველი თბილისის კვალი და ამავე დროს დღევანდელი ქალაქის განუყოფელი ნაწილი. ძველ ქუჩებზე მოკირწყლული გზის საფარი მოსახლეობის ნაწილისთვის დედაქალაქის იერსახის ნაწილია, ზოგისთვის კი ხმაური და დისკომფორტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend