შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში მასშტაბური, დიპლომატიური საერთაშორისო ღონისძიება, უკრაინის სამშვიდობო კონფერენცია გაიმართება.
სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამ კონფერენციას 80-იდან 100-ამდე სახელმწიფოს წარმომადგენელი დაესწრება.
შვეიცარიის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, სამშვიდობო კონფერენციის მიზანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამფუძნებელი ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე მაღალი ხარისხის დიალოგის წარმართვაა.
სამშვიდობო კონფერენციის მომზადების მიზნით შვეიცარიულმა მხარემ ითანამშრომლა დასავლეთისა და გლობალური სამხრეთის სახელმწიფოებთან. როგორც ბერნში აცხადებენ, მათ კარგად ესმით არსებული გამოწვევები, არ აქვთ მოლოდინი, რომ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონფლიქტის დასრულებასა და მშვიდობის დამყარებას ერთი კონფერენციის ჩატარება ეყოფა. თუმცა მათი თქმით, ალტერნატივა უმოქმედობაა და ეს უპასუხისმგებლობა იქნებოდა.
კრემლში განაცხადეს, რომ ამ კონფერენციაზე დასწრებას არ აპირებენ. დასავლური ქვეყნების დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ სასაუბროდ ევრონიუს ჯორჯიამ “მარგარეტ ტეტჩერის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი მარი ელიაძე მოიწვია.