ისრაელის არმიის გაფრთხილების მიუხედავად, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთი ნაწილი ჯერ კიდევ აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონაა, ასობით პალესტინელი მაინც ცდილობს სახლში დაბრუნებას. ისინი ცენტრალური ღაზიდან ჩრდილოეთისკენ მიდიან.
ღაზის სექტორის მცხოვრებთ უკვე ექვსი თვეა, დამამცირებელ პირობებში უწევთ ყოფნა. მათი ერთადერთი სურვილი ღაზაში დაბრუნებაა.
თვითმხილველების თქმით, საგუშაგოსთან მისული პალესტინელი მამაკაცები ისრაელელმა სამხედროებმა უკან გააბრუნეს. გზის გაგრძელების საშუალება მხოლოდ ქალებსა და ბავშვებს მისცეს. თან დაჰპირდნენ, რომ ისინი უსაფრთხოდ იქნებოდნენ.
ნიუ-იორკის არქიეპისკოპოსმა, კარდინალმა ტიმოთი დოლანმა, ირანსა და ისრაელს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე დასავლეთ სანაპიროზე ლოცვა აღავლინა. იგი ბეთლემში, რამალაში, იერუსალიმში ბევრ ადამიანს ხვდება. მისი თქმით, ისინი სხვადასხვა რელიგიის აღმსარებლები არიან, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ – და ეს მშვიდობაა.
დოლანი ღაზას უმძიმეს პერიოდში ეწვია. უკვე ექვსი თვეა, რეგიონში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ალყაში მოქცეულ ტერიოტორიაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისია შექმნილი. ბოლო ინფორმაციით, მილიონამდე ადამიანია შიმშილის ზღვარზე.