მთავარიმსოფლიო"ირანს თავდასხმის გამო ვაზღვევინებთ" — ბენი განცი

“ირანს თავდასხმის გამო ვაზღვევინებთ” — ბენი განცი

ისრაელის “ომის კაბინეტის” შეხვედრა დასრულდა, თუმცა ჯერჯერობით არ გადაწყვეტილა, თუ რა ზომებს მიიღებს ისრაელი ირანის თავდასხმის საპასუხოდ.

შეხვედრამდე ისრაელის “ომის კაბინეტის” წევრმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა, რომ ირანი განხორციელებული იერიშისთვის პასუხს აგებს: “ჩვენ შევქმნით რეგიონულ კოალიციას და ირანს ვაზღვევინებთ, ამას გავაკეთებთ ისე და იმ დროს, როგორც ეს ჩვენთვის იქნება ხელსაყრელი”.

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლის, ჯონ კირბის, განცხადებით, შეერთებული შტატები გააგრძელებს ისრაელის დახმარებას თავდასხმის მოგერიებაში, თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას არ სურს, იხილოს ამ დაპირისპირების კიდევ უფრო ფართო კონფლიქტში გადაზრდა.

ირანის არმიის გენერალმა აბდოლრაჰიმ მოუსავიმ ისრაელს აგრესიული ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ირანის პასუხი უფრო მკაცრი იქნება. ასევე მან მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ თუ ის მონაწილეობას მიიღებს ირანზე თავდასხმაში, თეირანი რეგიონში შეერთებული შტატების ბაზებს სამხედრო სამიზნეებად ჩათვლის.

ირანში აცხადებენ, რომ ისრაელზე იერიში მიიტანეს 1-ელ აპრილს დამასკოში, ირანის საელჩოს მახლობლად, განხორციელებული თავდასხმისთვის, რომელსაც “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” 7 წევრი ემსხვერპლა, მათ შორის მაღალი რანგის მეთაურებიც.

თავდასხმას გმობენ მსოფლიო ლიდერები. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს და განაცხადა, რომ ვითარების ესკალაცია არავის ინტერესში არ შედის. მან ყველა მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი კოორდინირებული ზომების მისაღებად დიდი შვიდეულის შეხვედრა მოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend