ხარკივის რეგიონის 47 სოფელსა და დასახლებაში სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა. ამ დასახლებულ პუნქტებს რუსული ძალები ყოველდღიურად ბომბავენ.
ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უკვე შედგენილია ევაკუაციის მარშრუტები, ასევე მომზადებულია დროებითი თავშესაფრები.
რუსეთი, რომლის სამიზნეც უკრაინის ძირითადი ინფრასტრუქტურაა, აძლიერებს საჰაერო თავდასხმებსა და დაბომბვას. 11 აპრილს კიევის რეგიონის ყველაზე დიდი თბოელექტროსადგური განადგურდა.
ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდერ ლუკაშენკასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მისი ქმედებები უკრაინელების მიერ რუსეთის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის პასუხია.
ევროპარლამენტმა კი უარი განაცხადა, შეეწყვიტა ევროპული საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ბიუჯეტის აუდიტი.
ამ ნაბიჯით ევროპარლამენტი ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს ევროკავშირის ლიდერებზე, რათა მათ უკრაინას დამატებით გადასცენ „პატრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები.
უკრაინის რადამ კი მიიღო სადავო კანონი, რომელიც სამხედრო გაწვევის წესების გამკაცრებას ითვალისწინებს. კანონის მიხედვით, ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები აღარ თავისუფლდებიან სამხედრო სამსახურისგან.
ეს ეხება მათაც, ვინც ომის დაწყების დღიდან იბრძვის. ახლა დოკუმენტს პრეზიდენტმა ზელენსკიმ უნდა მოაწეროს ხელი. მან დაიცვა ახალი კანონი და განაცხადა, რომ მას დიდი მნიშვნელობა ექნება სამხედრო ხელმძღვანელობისთვის.