მთავარისაქართველო,,ქვეყნები გარდამავალ პროცესში“ - Freedom House-ის ანგარიში

,,ქვეყნები გარდამავალ პროცესში“ – Freedom House-ის ანგარიში

ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Freedom House-მა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა სახელწოდებით ,,ქვეყნები გარდამავალ პროცესში“. ანგარიში შეისწავლის აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის 29 ქვეყანაში დემოკრატიის მხრივ არსებულ მდგომარეობას.

ისევე როგორც ბოლო 20 წლის განმავლობაში ტრანზიციაში მყოფ ქვეყნებში დემოკრატიულმა მმართველობამ 2023 წელსაც იკლო. ანგარიშში შესწავლილი 29 ქვეყნიდან 10-მა ნაკლები ქულა მიიღო დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელში, ვიდრე გასულ წელს, მხოლოდ ხუთმა შეძლო ამ მხრივ შეფასების გაუმჯობესება.

ვკითხულობთ, რომ ცენტრალური ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე რეგიონში გეოპოლიტიკური ძვრებია. რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა უკრაინაში და აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის ,,არაადამიანური გზით“ დაპყრობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ავტოკრატიული ექსპანსიის მძიმე შედეგები.

Freedom House-ის თანახმად, ავტოკრატიები განაგრძობენ რეპრესიებს და ეს რეპრესიები სულ უფრო და უფრო მძიმე ფორმებს იღებს, ისინი სულ უფრო და უფრო ხშირად არღვევენ საერთაშორისო ნორმებს. ხოლო რაც შეეხება დემოკრატიულ და ავტოკრატიულ რეჟიმებს შორის გარდამავალ ფაზაში მყოფ ჰიბრიდულ ქვეყნებს, ამ კატეგორიაში მყოფი 11 ქვეყნიდან, ხუთში არის დემოკრატიული უკუსვლა და მხოლოდ ერთმა ქვეყანამ, უკრაინამ, შეძლო ამ მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესება. სწორედ ჰიბრიდული ქვეყნების კატეგორიას მიეკუთვნება საქართველოც, Freedom House-ის ანგარიშის თანახმად.

2023 წელს საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი არ გაუარესებულა, თუმცა 2019 წელთან შედარებით, მაჩვენებელი მაინც დაბალია. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველო არის ავტოკრატიისკენ მიმავალი ჰიბრიდული ქვეყანა, უნგრეთისა და სერბეთის მსგავსად. მართალია, ამ ორ ქვეყანასთან შედარებით ნაკლებად, თუმცა საქართველო მაინც არის ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბების გზაზე.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ მთავარი რაც განასხვავებს ავტოკრატიისკენ მიმავალ ქვეყნებს ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარული რეჟიმებისგან, არის, რომ ავტოკრატიისკენ მიმავალი ქვეყნები მიდიან გარკვეულ დათმობებზე და ისინი მინიმალურ დონეზე, თუმცა მაინც პატივს სცემენ შეკრების თავისუფლებას და იშვიათად იყენებენ ფიზიკურ ძალადობას წინააღმდეგობის ჩასახშობად.

ამის მაგალითად არის მოყვანილი ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მასობრივი პროტესტების ფონზე უკან გაიწვია “უცხოური გავლენის” შესახებ კანონპროექტი 2023 წლის მარტში. თუმცა, რა თქმა უნდა, საანგარიშო პერიოდიდან გამომდინარე არ არის გათვალისწინებული მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ხელახლა წარედგინა სადავო კანონპროექტი.

ამის შესახებ განცხადება გაავრცელა “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა”. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ: “Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, კიდევ უფრო ცხადი ხდება, რომ 2024 წელს “რუსული კანონის” მიღება საქართველოს ავტორიტარულ რეჟიმად გარდაქმნის გზაზე დააყენებს და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პერსპექტივას განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდავს”.

ტრანზიციაში მყოფ ქვეყნებს შორის გამორჩეული შემთხვევა იყო პოლონეთი, სადაც მიუხედავად კორუფციისა და უპრეცედენტო საარჩევნო ჩარევისა მმართველი პარტიის მხრიდან ოპოზიციამ მოიპოვა ისტორიული გამარჯვება, რამაც შექმნა ინსტიტუციურ დონეზე მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებების გატარების შესაძლებლობა.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ იმას, თუ რამდენად შეძლებს პოლონეთი დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებასა და გამოსწორებას, ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა მთელი რეგიონის მომავლისთვის.

საუბარია უნგრეთზეც. ანგარიშში წერია, რომ უნგრეთი არის მთავარი მაგალითი ისეთი ავტოკრატიისა, რომელიც დემოკრატიის ენაზე საუბრობს. 2010 წლიდან მოყოლებული პრემიერ-მინისტრ ორბანს დამყარებული აქვს ძალაუფლება პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ეკონომიკაზე. ხოლო ევროკომისიის შემწყნარებლური მიდგომა მის მიმართ ორბანს აძლევს შესაძლებლობას, გამოსძალოს ევროკავშირს ფინანსები ისე, რომ არ დასჭირდეს კრემლისგან დისტანცირება.

რაც შეეხება სომხეთს, ის მიეკუთვნება ჰიბრიდული ქვეყნების კატეგორიას, კერძოდ, ციკლური ტიპის ჰიბრიდული ქვეყანაა, სადაც დემოკრატიული და ავტორიტარული რეჟიმები ერთმანეთს ენაცვლებიან.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სომხეთის დემოკრატიზაციის მცდელობებზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა აზერბაიჯანის თავდასხმამ მთიან ყარაბაღში. იქ მცხოვრებ 120 000-ზე მეტ ეთნიკურად სომეხს მოუწია დასავლეთის მიმართულებით გაქცევა და სახელმწიფო ახლა ცდილობს, დაიცვას საკუთარი ტერიტორია და უპასუხოს უკეთესი მმართველობის მოთხოვნებს, რასაც 2018 წელს ქვეყანაში რევოლუცია მოჰყვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend