უკრაინის შეიარაღებული ძალების ციმბირის ბატალიონის წევრები კიევის რეგიონში გამართულ წვრთნებში მონაწილეობდნენ.
„ციმბირის ბატალიონი“ იმ რუსი ჯარისკაცებისგან შემდგარი დანაყოფია, რომლებიც უკრაინის სამხედრო რიგებს შეუერთდნენ. ბატალიონის წევრები იმედოვნებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაყენებაში თავიანთ წვლილს შეიტანენ. ციმბირის ბატალიონის წევრები ძირითადად რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან.
„ციმბირის ბატალიონი“ ოფიციალურად უკრაინის რეგულარული არმიის ნაწილია, არსებობს ასევე მოხალისეთა ქვედანაყოფები, მაგალითად, „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“, რომელთა შემადგენლობაში რუსეთის მოქალაქეები არიან.
„ციმბირის ბატალიონის“ მებრძოლები ჯერ გადიან გადამზადებას, რომელსაც ზოგჯერ ერთი წელი სჭირდება, შემდეგ კი აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზზე განლაგდებიან.
აღმოსავლეთ ციმბირის ბატალიონის მებრძოლები იმედოვნებენ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, შესაბამისად, რუსეთის ღარიბ რეგიონებზეც აღარ გავრცელდება ვლადიმერ პუტინის კონტროლი.