საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა გახსნა და ქართველ და უცხოელ სტუმრებსა და გამოფენაში მონაწილე თანამედროვე ხელოვნების არტისტებს სიტყვით მიმართა. მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თბილისის უკვე მეოთხე გაზაფხული იწყება ART FAIR-ით, რომელიც უფრო შთამბეჭდავი ხდება. ასევე განაცხადა, რომ თბილისი ყოველთვის იქნება თავისუფალი, ხელოვნება ყოველთვის იქნება თავისუფალი, საქართველო ყოველთვის ევროპული იქნება.
თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა რეგიონში ყველაზე დიდი სახელოვნებო ღონისძიებაა, რომელიც ერთ სივრცეში კრებს ხელოვანებს, გალერეებს, კურატორებს, კრიტიკოსებსა და კოლექციონერებს სხვადასხვა ქვეყნიდან. #taf-ის პროგრამა მასშტაბური გამოფენა-გაყიდვის გარდა დამთვალიერებელს სთავაზობს ქართველი და უცხოელი არტისტების მიერ მოწყობილ გამოფენებს, მასტერკლასებს, Art Talk-ებსა და მრავალფეროვან პარალელურ პროგრამას. წელს გამოფენაში 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეა მონაწილეობს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის არტისტებს წარადგენენ.