მთავარისაქართველოროგორ ასრულებს საქართველო რეკომენდაციებს

როგორ ასრულებს საქართველო რეკომენდაციებს

11 აპრილს 12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიციის მიერ მომზადებული შუალედური ანგარიშის – სტატუსმეტრის პრეზენტაცია გაიმართა. ანგარიში აფასებს, თუ რა ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ 2023 წლის ნოემბრიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა, ევროკომისიის მიერ წარდგენილი 9 დათქმის შესასრულებლად.

ღონისძიება გახსნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. მან აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა და ყოყმანის დრო აღარ არის.

“სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ არსებობს რამდენიმე ღია საკითხი, რომლებიც საჭიროებს შემდგომ დისკუსიას და საჭიროებს, რომ უკეთ იყოს გაგებული ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. ასევე არსებობს კიდევ ერთი საკითხი – ბოლო დროს ინიციირებული კანონპროექტი “უცხოური გავლენის შესახებ”, რომელიც ჩვენი გადმოსახედიდან შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებთან. ჯოზეფ ბორელმა ძალიან მკაფიოდ განმარტა განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა ამ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებიდან 24 საათის შემდეგ.

მარტივად – ეს კანონი არ არის კარგი. ეს არ არის ევროპული კანონი, ეს არ არის ამერიკული კანონი, როგორც მოვისმინეთ მკაფიოდ და ხმამაღლა ამერიკის ელჩისგან გუშინ.

მესმის, რომ არსებობს შეშფოთება გამჭვირვალობის თაობაზე. ისიც მესმის, რომ არსებობს სხვა გზები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ყველა მხარეს ვეძებთ გამჭვირვალობას, მაგრამ ეს არ უნდა გაკეთდეს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების შეზღუდვის ხარჯზე. ისინი ძალიან მნიშვნელოვან, ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ.

კვირას ვნახეთ უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის დაბრუნება. ერთი წლის წინ ის უპირობოდ გაიწვიეს. ევროკავშირმა სწრაფი რეაგირება მოახდინა, უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოხატა ჩვენი სერიოზული შეშფოთება ამ კანონპროექტის მიმართ მეორე დღესვე. ჩვენ, 27-ვე ქვეყნის ელჩები შევხვდით პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელსა და სამოქალაქო საზოგადოებას.

ყველამ გამოვთქვით შეშფოთება. სამოქალაქო საზოგადოებისთვის გარემოს შექმნა და შენარჩუნება, ასევე მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა ყველა დემოკრატიის საფუძველია. ის გადამწყვეტია ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მაგრამ გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ.

კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში თქვენ უნდა გაიაროთ, ამის დრო ახლაა და ეს დროც იწურება, რადგან სხვები წინ მიდიან და გულით გირჩევთ, არ დაკარგოთ დრო. საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, კარი ღიაა და გელოდებით. გთხოვთ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

პრეზენტაციის მიმდინარეობისას მომხსენებლებმაც არაერთხელ მკაფიოდ გაუსვეს ხაზი, რომ არ შეეგუებიან მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ კანონპროექტს უცხოური გავლენის შესახებ. მათი თქმით, ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში პირველ რიგში მათი ორგანიზაციების ბენეფიციარები დაზიანდებიან.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ხელისუფლებას არ გადაუდგამს არცერთი სერიოზული ნაბიჯი 9 დათქმის შესასრულებლად, 7 არ არის შესრულებული. უმნიშვნელო პროგრესია მეორე და მეშვიდე რეკომენდაციების მიმართულებით, რომლებიც გულისხმობს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესებას და ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლას. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ რეფორმებზე, რომლებიც ხელისუფლებამ ევროკომისიის დადებითი შეფასების მისაღებად აუცილებლად უნდა გაატაროს.

სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აუცილებლად გააგრძელებენ 9 დათქმის შესრულების პროცესის მეთვალყურეობას და შეეცდებიან, ხელი შეუწყონ ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და რეფორმების გატარების პროცესის გამჭვირვალობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend