მთავარისაქართველო“თავისუფლების მარში”

“თავისუფლების მარში”

გუშინ პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა სახელწოდებით –  „თავისუფლების მარში“ გაიმართა.

აქციის მონაწილეები საპარლამენტო დღის წესრიგში დაბრუნებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ.

მსვლელობას მოქალაქეთა ნაწილი და სამოქალაქო სექტორი შეუერთდა.

„ეს მსვლელობა ემსახურება პირველ რიგში „არა რუსულ კანონს“  და შემდეგ თავისუფლებას, რომლისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები. იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა აქამდე მოსულიყო და თავისუფალი ყოფილიყო. რადგან ჩვენ ვიგრძენით თავისუფლების დაკარგვის საშიშროება, გამოვდივართ და ვაპროტესტებთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას თავისუფლება და ჩვენს მომავალს მშვიდობა მოვუტანოთ“, – თქვა მურთაზ მიქავამ.

„მე მგონია, რომ ჩვენი მთავრობა აპირებს, დაგვაცილოს დასავლურ, დემოკრატიულ სამყაროს და დაგვაახლოოს რუსულ სამყაროსთან. ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ. ასევე ხელისუფლება გვაჩვენებს, რომ აღარ უნდა ვენდოთ. ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ და მოვითხოვოთ ის, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა პარლამენტის შენობასთან დაასრულეს. იმ ადგილას, სადაც 35 წლის წინ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

„თავისუფლების მარში”, თბილისი საქართველო 9 აპრილი, 2024 წელი

აქციის მონაწილეების თქმით, მათი მიზანი იყო საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ 1989 და 1991 წლების 9 აპრილის მონაპოვარი.

„ჩემო ქვეყნის კეთილდღეობისთვის ვარ აქ. იმისთვის რომ ვიბრძოლო თავისუფლებისთვის. დღეს 9 აპრილია, ჩვენი გამარჯვების დღე. მაშინ ქართველებმა იმისთვის იბრძოლეს, რომ დღეს რუსული კანონების განხილვა არ ყოფილიყო. ამიტომ რუსეთთან ბრძოლის დღეც არის დღეს“, – თქვა ნიტა ჭყოიძემ.

„მე მგონია, სამწუხაროა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ვცდილობთ, რომ ვიყოთ თავისუფლები და დამოუკიდებლები. ადრე თუ გვიწევდა სხვა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, ახლა საკუთართან გვიწევს ბრძოლა’, – ამბობს სიმონ ჯანაშია.

„თავისუფლების მარში“ მთავარი სლოგანი „კი ევროპას – არა რუსულ კანონს“ იყო.

გუშინ აქციის მონაწილეებმა უახლესი ისტორიის გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და კვლავ გაიხსენეს მათი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობის მშენებლობაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend